X

რონდელის ბლოგი

ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ

2017 / 11 / 15

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის კონტროლი ყოველწლიურად იზრდება. კრემლის გავლენის ხარისხი განსაკუთრებით მაღალია ცხინვალის რეგიონში, რომლის ლიდერებიც რუსეთთან გაერთიანების შესახებ ღიად საუბრობენ. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთი იღებს.

 

რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა და სამხედრო სფეროში ინტეგრაცია

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონში თავდაცვის სფეროში რუსეთის ინტერესების დაცვას და ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოებას რუსეთის მე–4 სამხედრო ბაზა უზრუნველყოფს. 2016 წლის სექტემბრიდან ბაზის მეთაური ალექსანდრ კრავცოვია. რუსეთის მე–4 სამხედრო ბაზა ცხინვალის რეგიონში 2009 წლიდან არსებობს და მის შემადგენლობაში დაახლოებით 4  000 სამხედროა.

რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მსგავსად, რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაშია, რომელსაც 2016 წლიდან ალექსანდრ დვორნიკოვი ხელმძღვანელობს. დვორნიკოვი უშუალოდ კურირებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებს და პროექტებს, რომელთა ინსპექტირებაც მისი პირდაპირი მოვალეობაა.

მხარეების მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები მიუთითებს, რომ ცხინვალის რეგიონს საკუთარი არალეგიტიმური სამხედრო დანაყოფები უახლოეს მომავალში აღარ ეყოლება. 2017 წლის 31 მარტს რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სეპარატისტული რესპუბლიკის ცალკეული საჯარისო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების შესახებ. ახალი შეთანხმების ძალით, ცხინვალის რეგიონის სამხედრო მოსამსახურეები რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე სამსახურსაც შეძლებენ.

ცხინვალის რეგიონის შეიარაღებული ძალების სრულ გაუქმებამდე რუსი სამხედროები მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შეიარაღებულ ძალებში. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და გენერალური შტაბის უფროსი, აფხაზეთის მსგავსად, რუსეთის წარმომადგენელია. ვიქტორ ფედოროვი, რომელიც 2011 წლის ივნისიდან ცხინვალში ცხოვრობს, გენშტაბის უფროსად დანიშვნამდე ცხინვალის რეგიონის შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

რუსეთის სამართალდამცავ სისტემაში ინტეგრაცია

 

აფხაზეთისგან განსხვავებით, სადაც უსაფრთხოების სფეროში რუსეთთან ერთობლივი პროექტების განხორციელებას საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილი ღიად აკრიტიკებს, ცხინვალის რეგიონში ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურების რუსეთის სამართალდამცავ სისტემაში ინტეგრაციას დიდი მხარდაჭერა აქვს. ამიტომაც სამართალდამცავ სფეროში კრემლს გაცილებით მეტი უფლებამოსილება აქვს მინიჭებული ცხინვალის რეგიონში, ვიდრე აფხაზეთში. რუსეთთან ინტეგრაციის მაღალ ხარისხზე მიუთითებს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს სამინისტროს გადაწყვეტილებაც, 2019 წლისთვის შს სამინისტროს თანამშრომლების რაოდენობა 1600-დან 1150-მდე შეამციროს.

სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია 2016 წლის 4 ივლისს რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო–საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. რუსეთის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა რუსეთის შს მინისტრის მოადგილემ იგორ ზუბოვმა, რომელიც რუსეთის შს სამინისტროს მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

ზუბოვის შეფასებით, ცენტრი სამართლებრივად დამოუკიდებელი სამსახური იქნება, პრაქტიკულად კი - საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის პირველი უფროსიც ადგილობრივი იქნება. ცენტრის მიზანია რუსი და ოსი სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა საშიში ტიპის დანაშაულთან ბრძოლაში. დასახული მიზნის მისაღწევად ცენტრმა დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა, ანალიზი და გაცვლა უნდა უზრუნველყოს. ცენტრის საქმიანობას მთლიანად რუსული მხარე დააფინანსებს.

აფხაზეთში მსგავსი ცენტრის ჩამოყალიბებისადმი არსებული ნეგატიური განწყობების მიუხედავად, ცენტრი მუშაობას უკვე შეუდგა და მას ხელმძღვანელიც დაუნიშნეს. ცხინვალის რეგიონში კი, ჯერჯერობით მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 2017 წლის 26 ივნისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრაზე ზუბოვმა განაცხადა, რომ „ცხინვალში საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნა გადაწყვეტილი საკითხია“. ზუბოვის თქმით, ცენტრის გასახსნელად დაფინანსება არსებობს, რომელიც 2017 წლის ბოლომდე უნდა აითვისონ, რაც შენობის კაპიტალურ რემონტს და ცენტრის თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვას მოხმარდება.

ცენტრში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს სამინისტროს 23 თანამშრომელი და რუსეთის შს სამინისტროს 7 თანამშრომელი იმუშავებს. საინტერესოა, რომ აფხაზეთში ცენტრის ფორმირებისადმი არსებული უკმაყოფილების გამო, ცენტრში მხოლოდ 20 თანამშრომელი (10-10 ორივე მხრიდან) იქნება დასაქმებული. ამავე დროს ცხინვალის შემთხვევაში შეთანხმებაში მითითებულია, რომ ცენტრის სამუშაო ენა რუსული იქნება. აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონში ცენტრის ოფიცრებს იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებაც ექნებათ და ასევე შეეძლებათ ოპერატიული და სამძებრო საქმიანობის განხორციელება.

ცენტრის ამოქმედების შეფერხების გამო, 2017 წლის ოქტომბერში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს სამინისტროში ახალი კოლეგიაც კი შეიქმნა, რომელმაც ცენტრის ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა მოაგვაროს.

 

საოკუპაციო ხაზის გამაგრება

 

2009 წლის 30 აპრილს რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის ლიდერებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ“. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს პასუხისმგებლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზღვრის 467.4 კილომეტრიანი მონაკვეთის „დაცვა“ შედის, მათ შორის საქართველოსთან „საზღვრის“ - 391.4 კმ.-ის.

2017 წლის მარტიდან ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საზღვრის „დაცვას“ საქართველოს დანარჩენ რეგიონებთან სასაზღვრო სამმართველოს უფროსი, გენერალ-მაიორი ანატოლი უტკინი უზრუნველყოფს. 2017 წლის 30 ივნისს, ცხინვალის რეგიონის ახლად არჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეხვედრა გამართა უტკინთან, რომელსაც საქართველოსთან სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესება მოსთხოვა, კერძოდ ბიბილოვის თქმით, ქართველების მიერ „საზღვრის დარღვევა“ სრულად უნდა აღმოიფხვრას. საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეებს სწორედ უტკინის სამსახური აკავებს. 2009 წლიდან მოყოლებული სამმართველომ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 900-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დააკავა და დააპატიმრა.  

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის ფარგლებში სამმართველო უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების, ღობეების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟს, ტრანშეების გათხრას და ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას, რის შედეგადაც ოკუპაციის ფარგლებში ექცევა ის ტერიტორიებიც, რომლებსაც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა.

საოკუპაციო ხაზი, რომელიც ფაქტობრივად რუსეთ-საქართველოს საზღვრად გადაიქცა, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო „დაცული“ გახდა. ცხინვალის რეგიონში ე.წ. სასაზღვრო ზონა შეიქმნა, სადაც ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის მოქალაქეებს შესვლა სპეციალური საშვებით შეუძლიათ. სასაზღვრო ზონის ფართობია 693 კვ./კმ., მინიმალური დაშორება საოკუპაციო ხაზსა და სასაზღვრო ზონის საზღვართან 100 მეტრია, მაქსიმალური კი - 8 კმ.

 

ძირითადი დასკვნები

 

  • 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, კრემლის პოლიტიკის მიზანია ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შიდა პროცესებზე, მათ შორის,  თავდაცვის, საპოლიციო და დე ფაქტო საზღვრის დაცვის სფეროზე სრული კონტროლის დამყარება, რაშიც კრემლს ადგილობრივი არალეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერაც აქვს.

 

  • ბოლო პერიოდში ცხინვალის რეგიონში კრემლის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიუთითებს, რომ ცხინვალის რეგიონის შეიარაღებული ძალებისა და სამართალდამცავების რუსეთის ანალოგიურ სტრუქტურებში სრული ან ნაწილობრივი ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია.

 

  • ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროში რუსეთის გავლენის ზრდას ხელს უწყობს რუსეთთან ინტეგრაციის საკითხზე სეპარატისტულ რესპუბლიკაში არსებული კონსენსუსი. თუმცა, ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთში, სადაც ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს, რუსეთის გავლენა მაინც მზარდია.

 

  • ცხინვალის რეგიონში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს საქმიანობის შედეგად საოკუპაციო ხაზი რუსეთ-საქართველოს დე ფაქტო საზღვრად გადაიქცა. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსი მესაზღვრეების საქმიანობა ყოველდღე უქმნის საფრთხეს საქართველოს მოქალაქეების, განსაკუთრებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებას, კერძო საკუთრებას და ეკონომიკურ საქმიანობას.

 

  • 2008 წლის შემდეგ ცხინვალის რეგიონში და ასევე აფხაზეთში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის მზარდი კონტროლი და საოკუპაციო ხაზთან სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.