X

რონდელის ბლოგი

გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები

2023 / 07 / 05

ავტორი: პეერ ტეშენდორფი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი

 

გერმანიის ფედერალურმა რესპუბლიკამ ეროვნული უსაფრთხოების პირველი სტრატეგია  დაარსებიდან 74 წლის შემდეგ მიიღო. დოკუმენტის სწორად გაგებისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რატომ დასჭირდა მის მიღებას ამდენი წელი. გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის დაარსების შემდეგ აქტუალური გახდა გერმანიის, როგორც ცივი ომის ბლოკებს შორის მზარდი ინტენსიური კონფლიქტის ცენტრალური ფიგურის, ხელახალი შეიარაღების საკითხი. საბჭოთა კავშირის შეკავებისთვის გერმანიის როლი მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ევროპაში, ბუნებრივია, არსებობდა სკეპტიციზმი ორ მსოფლიო ომში გერმანიის აგრესიის შედეგად გამოწვეული ზიანის გათვალისწინებით. ევროპის შუაგულში ჯერ კიდევ უდიდესი სახელმწიფოს ხელახალი შეიარაღება მხოლოდ დასავლური ალიანსის სისტემაში მისი სრული ინტეგრაციით იყო შესაძლებელი. მეზობელი ქვეყნების დასამშვიდებლად გერმანელ პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას სურდათ რაც შეიძლება დიდი დისტანცია დაეცვათ მილიტარისტული წარსულთან და შეექმნათ გერმანიის, როგორც „სამოქალაქო სახელმწიფოს“ საგარეო-პოლიტიკური იდენტობა, სახელმწიფოსი, რომელსაც არ აქვს თავისი ტერიტორიის მიღმა სამხედრო ძალის გამოყენების ამბიცია და არის მედიატორი და კარგი მოკავშირე. ამას მოჰყვა ძლიერი ანტიმილიტარისტული პოზიციონირება, რაც დღემდე გერმანიის საგარეო პოლიტიკის მთავარი მახასიათებელია – საგარეო პოლიტიკის წარმოებისას უპირატესობა ენიჭება დიპლომატიურ საშუალებებს. მსგავსი პოზიციონირების გამოვლინება იყო გერმანიის მცდელობა, არ ეწარმოებინა უსაფრთხოების დამოუკიდებელი დღის წესრიგი. სტრატეგიულ თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების უმრავლესობაs ისეთი ალიანსები iRebdnen,  როგორებიცაა EC/EU ან, უმეტესად, NATO. შესაბამისად, გერმანიაში არ განვითარებულა სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობები და ეპისტემური საზოგადოება. ასეთი რამ შესაძლებელი გახდა მხოლოდ ცივი ომის დასრულების შემდეგ, როდესაც გერმანიამ თავი უსაფრთხოდ იგრძნო – ევროპაში ომები თითქმის შეუძლებელი გახდა, მას მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოები ესაზღვრებოდნენ და მსოფლიოსთან ინტერაქციის  სტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი საგარეო ვაჭრობა გახდა. გერმანული ტერმინი „Zeitenwende“ („ეპოქის დასასრული“) არის ერთგვარი აღიარება, რომ სტაბილურობის პერიოდი დასრულდა და გერმანიამ უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს ევროპის უსაფრთხოების აღდგენასა და დაცვაში.

გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია აღნიშნული წინაპირობების გათვალისწინებით უნდა იყოს გაანალიზებული. ეს არის დოკუმენტი, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ გერმანიას ესმოდა იმდროინდელი უსაფრთხოების პრობლემები და მზადაა შესაბამისად იმოქმედოს. ჩამოყალიბებული პროცედურების არარსებობის პირობებში, რაც მოიცავს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დაინტერესებული მხარეების სისტემატურ ჩართულობას სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, სტრატეგიას აკლია დაკონკრეტება, პრიორიტეტების დასახვა და პოლიტიკის სხვადასხვა საკითხის სათანადო ჩართვა. აღსანიშნავია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტრატეგიის შემუშავების კულტურის ცვლილების თვალსაზრისით.

ინტეგრირებული უსაფრთხოება რეაქცია საფრთხის აღქმის ცვლილებაზე

რა სახის ცვლილებები ჩანს სტრატეგიაში გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით? უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ საფრთხეებად მოაზრება ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და გრძელვადიანი ტენდენციები, რომლებსაც აქამდე გერმანია ძნელად აღიარებდა. ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ რუსეთი მოიაზრება, ხოლო ჩინეთი აღქმულია, როგორც პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე, მეტოქეობის მზარდი ტენდენციით. ზოგადად, მსოფლიო დანახულია, როგორც უფრო მრავალპოლარული და არასტაბილური.

გერმანია თავის სტრატეგიას აყალიბებს ინტეგრირებული უსაფრთხოების იდეის გარშემო. იგი გარე პირობებიდან მომდინარე თავდაცვის და უსაფრთხოების საფრთხეებს აერთიანებს შიდა უსაფრთხოების (ეკონომიკური და დემოკრატიული მედეგობა) და ადამიანების არსებობისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან (კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი რესურსები, სურსათის უსაფრთხოება). კლიმატის ცვლილების გავლენა გერმანიისა და მსოფლიოს უსაფრთხოებაზე სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად გერმანია მზადაა წამყვანი როლი შეასრულოს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირებაში. ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობის ხაზგასმისას რეფორმების აქცენტი ევროკავშირზე კეთდება. გერმანიას სურს თავისი არმია ევროპული თავდაცვის სისტემის ქვაკუთხედი გახდეს. ამისთვის იგი მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2%-ს გამოყოფს და „გაზრდის სამხედრო წარმომადგენლობას მოკავშირე ქვეყნებში“ (გვ.32). ამის ერთ-ერთ პრაქტიკული გამოვლინებაა თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის ინიციატივა, რომ 4000 გერმანელი ჯარისკაცი NATO-ს მეთაურობით მუდმივად განთავსდეს ლიეტუვაში.

 

NATO-ს ძლიერი ევროპული საყრდენი

გერმანია რეფორმების წახალისებას უმეტესად ევროპის დონეზე გეგმავს და ევროპული თავდაცვისა და უსაფრთხოების ინდუსტრიას უჭერს მხარს. რეფორმები ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებში, რაც გულისხმობს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის წესს, ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობისთვის.  ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში გერმანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინის, მოლდოვის, ბალკანეთის ქვეყნებისა და „უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს“ ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას (გვ. 13). 

მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიაში სხვა რეგიონებიც არის ნახსენები, გერმანიის მთავარი აქცენტი ევროპა და უშუალო სამეზობლოა. ეს გულისხმობს ვალდებულების აღებას რეგიონის უსაფრთხოებაზე, რაც რუსეთის შეკავებით და საკუთარი და პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერებით იქნება შესაძლებელი. ამისთვის ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირი ჩამოყალიბდეს ქმედუნარიან გეოპოლიტიკურ მოთამაშედ, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა ექნება.

ამასთან, ევროკავშირის შესაძლებლობებზე ფოკუსირებისას უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშრი ყოველთვის ნატოს ევროპულ საყრდენად მოიაზრება, ამიტომ აკეთებს გერმანია აქცენტს ალიანსზე. თავად გერმანიის როლი ევროპაში დანახულია, როგორც NATO- ში შემავალი ძალების ჰაბი, რომელიც ზრუნავს ლოჯისტიკური და დამხმარე შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა ალიანსმა ევროპასა თუ გლობალური მასშტაბით სწრაფი მანევრირება შეძლოს.

 

ბრძოლა ადამიანის უფლებებისა და მრავალმხრივი მსოფლიო წესრიგისთვის

გლობალურ წესრიგთან დაკავშირებით სტრატეგია მიუთითებს, რომ „მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფის მცდელობები“ (გვ. 15) გერმანიისთვის მიუღებელია და იგი ასეთ მცდელობებს წინააღმდეგობას გაუწევს მსოფლიო საერთაშორისო წესრიგის პოზიტიური მოდელის პოპულარიზაციით. გერმანია მხარს დაუჭერს მულტილატერულ სტრუქტურებს და მათ გარდაქმნას იმდაგვარად, რომ უკეთესად ასახონ დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკური სტრუქტურა.

რუსეთის-უკრაინის ომზე სხვა სახელმწიფოების რეაქციებმა, განსაკუთრებით,  გლობალური სამხრეთის სახელმწიფოების, გარკვეული გაღიზიანება გამოიწვია. გერმანიისთვის ძნელი გასაგები აღმოჩნდა, რატომ არ უჭერდნენ ქვეყნები ღიად  მხარს უკრაინის გარშემო შექმნილ კოალიციას რუსეთის მიერ წარმოებული თვალსაჩინო აგრესიის პირობებში. ამ გაღიზიანების შედეგები ჩანს  უსაფრთხოების სტრატეგიაშიც, რომლის მიხედვითაც, „იმისათვის, რომ შეძლოს უკეთესი და გრძელვადიანი არჩევანის შეთავაზება, გერმანიის ფედერალური მთავრობა მიზნობრივად გააფართოებს გლობალურ პარტნიორობას. მთავრობის მიზანია პატივისცემაზე დაფუძნებული გრძელვადიანი თანამშრომლობა სუვერენულ და  თანასწორუფლებიან პარტნიორებს შორის“. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მიდგომის შემუშავების მთავარი მიზეზი გლობალური სამხრეთის ქვეყნები არიან, მისგან სარგებელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმაც შეიძლება მიიღონ. პარტნიორები, რომლებიც იზიარებენ გერმანიის ღირებულებებს, თანამშრომლობის მთავარი სუბიექტები იქნებიან. ამის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია ფემინისტური საგარეო და განვითარების პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს „ქალებისა და საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების გაძლიერებას, დისკრიმინაციული ძალაუფლების სტრუქტურების აღმოფხვრას, თანამონაწილეობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობას,  მოსახლეობის ყველა ჯგუფის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე და ამისათვის შესაბამისი რესურსების  უზრუნველყოფას“ (გვ. 52).

მეორე მხრივ, სტრატეგია ცხადად მიუთითებს, რომ გერმანიას სჭირდება ითანამშრომლოს იმ ქვეყნებთანაც, რომლებიც სრულად არ იზიარებენ მის ღირებულებებს კოლექტიურად გადასაჭრელ პრობლემებთან დაკავშირებით. ეს, ძირითადად, ჩინეთის კონტექსტშია აღნიშნული, რაც სტრატეგიას გერმანიის მთავარ სავაჭრო პარტნიორთან მიმართებით გარკვეულ ბუნდოვანებას სძენს. გერმანიის უსაფრთხოების სტრატეგია პირდაპირ უკავშირდება ჩინეთის სტრატეგიას, რომელიც ახლო მომავალში უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა გაურკვეველია, შემატებს თუ არა იგი მეტ სიცხადეს გერმანია-ჩინეთის პოლიტიკას.

 

კარგი დასაწყისი შემდგომი ნაბიჯებისათვის

რომ შევაჯამოთ, შეიძლება თუ არა სტრატეგიას ვუწოდოთ პოზიტიური აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის? ვიტყოდი, რომ – კი. გერმანიამ გააცნობიერა, რომ მან მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ევროპის და, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის, უსაფრთხოებას. ის უფრო ღია იქნება სამართლიანი პარტნიორობისთვის და განახორციელებს ინვესტირებას უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გაძლიერებაში. სტრატეგიის მნიშვნელოვანი ასპექტია ასევე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება, რაც გასულ წელს გერმანიამ საკმაოდ მტკივნეულად გამოცადა რუსულ ენერგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებისას. რესურსებისა და წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის მცდელობები ასევე შეიძლება იყოს შესაძლებლობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკებისათვის.

სტრატეგია მრავალ მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს, სამხედრო აღმშენებლობით დაწყებული, ეკონომიკური და დემოკრატიული მედეგობითა და მსოფლიო მასშტაბით თანამშრომლობის განვითარებით დამთავრებული, თუმცა მას აკლია მკაფიო პრიორიტეტები, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა გაგვეგო, რომელი საკითხი იქნება უფრო აქტუალური და რომელი – ნაკლებად. კიდევ უფრო პრობლემურია ის ფაქტი, რომ ყველა მიმართულება ფედერალურ ბიუჯეტზე დამატებითი ზეწოლის გარეშე უნდა განხორციელდეს, რაც არარეალისტურია. სამხედრო ხარჯების 2%-იანი მიზნის მიღწევაც კი, მას შემდეგ, რაც 2025 წელს 100-მილიარდიანი სპეციალური ფონდი ამოიწერება, შეუძლებელი იქნება თავდაცვის ბიუჯეტისათვის დამატებითი სახსრების გამოყოფის გარეშე. ამრიგად, სტრატეგია არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც გვიჩვენებს გერმანიის ხედვებს, თუმცა პრიორიტეტების გამოსაკვეთად და დაფინანსების საკითხების განსასაზღვრად დამატებით მუშაობაა საჭირო. აღმოსავლეთ ევროპა გერმანიის ყურადღების ცენტრში დარჩება და ქვეყნებმა შექმნილი მდგომარეობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უნდა გამოიყენონ. 

 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.