X

რონდელის ბლოგი

ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?

2023 / 04 / 18
დავით შატაკიშვილი, კონტრიბუტორი ანალიტიკოსი, ამერიკული უნივერსიტეტი, ვაშინგტონი
 

გასული წელი ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რაც, ცხადია, მოსალოდნელიც იყო. მათ, ერთი მხრივ, უწევდათ უკრაინისთვის მონეტარული და სამხედრო დახმარების გაწევა, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთარ გამოწვევებთან ბრძოლა, როგორიც იყო მზარდი ინფლაცია, შენელებული ეკონომიკური ზრდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, შეფერხებები ინდუსტრიულ წარმოებაში, მიწოდების ჯაჭვებით გამოწვეული პრობლემები და სხვა. რუსულ ენერგორესურსებზე მაღალი დამოკიდებულების გამო, ცხადია, ევროპა ნებისმიერი გარე შოკის მიმართ საკმაოდ მოწყვლადი აღმოჩნდა. მის წინაშე მდგარი პრობლემების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი კი რუსული აგრესიის შემდეგ ენერგორესურსების რადიკალურად გაზრდილი ფასები იყო, რამაც ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე იქონია პირდაპირი თუ ირიბი გავლენა. ამგვარად, 2022 წელს ევროგაერთიანების მთავარი ამოცანა კრემლის ენერგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულების რადიკალური შემცირება და ამ კუთხით ბაზრების დივერსიფიცირება იყო. საინტერესოა განვიხილოთ რა ეტაპზეა ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის სტრატეგიული მიზანი, რა შედეგებს მიაღწია მან გასული წლის განმავლობაში და როგორია ბლოკის გრძელვადიანი მოქმედების სტრატეგია.

 

ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის შედეგები 2022 წელს

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, 2021 წელს, ევროკავშირის სახელმწიფოებმა ჯამურად 155 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი იყიდეს, რაც ევროგაერთიანების მთლიანი იმპორტის დაახლოებით 45%-ს შეადგენდა. სხვადასხვა ენერგეტიკული რესურსების მიწოდების მხრივ, რუსეთი ევროპისთვის ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო, მაგალითად, 2021 წელს ევროპამ რუსეთისგან შეიძინა 108 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი, 91 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები და 51 მილიონი ტონა ქვანახშირი. რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება განსაკუთრებით მაღალია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც 18 ბირთვული ბლოკი ფუნქციონირებს, აქედან ექვსი მდებარეობს ჩეხეთში, ოთხ-ოთხი – უნგრეთსა და სლოვაკეთში, ხოლო ორ-ორი – ფინეთსა და ბულგარეთში. ისინი დამოკიდებული არიან რუსულ სერვისებსა და რუსული სახელმწიფო ატომური ენერგეტიკული კორპორაცია „როსატომის“ მიერ მიწოდებულ საწვავის ელემენტებზე.

2022 წელს ევროპამ მნიშვნელოვნად შეამცირა საკუთარი ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, რასაც ხელი შეუწყო თავად კრემლის გადაწყვეტილებებმაც, კერძოდ, მყიდველებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ვალდებულებამ და „ნორდსტრიმ 1“ გაზსადენით გაზის მიწოდების შეჩერებამ, რამაც, საბოლოო ჯამში, რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაში 80 მილიარდი კბ/მეტრით შეამცირა. ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროკავშირის სანქციებმაც. მაგალითად, სანქციების მეხუთე და მეექვსე პაკეტებით დაწესებული ემბარგო რუსულ ქვანახშირსა და ნედლ ნავთობზე, ასევე დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე სარეალიზაციო ფასის ზედა ლიმიტის დაწესების თაობაზე, რომელიც 60 აშშ დოლარით განისაზღვრა. ამრიგად, დასავლეთის გადაწყვეტილებების შედეგია, რომ მიმდინარე ეტაპზე რუსული ენერგოპროდუქტების წილი ევროპის ბაზარზე ბოლო ათწლეულების ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

ცხადია, 2022 წლის განმავლობაში ევროპის სტრატეგიული ამოცანა ბუნებრივი აირის მომწოდებლების დივერსიფიცირება იყო და ამ მხრივ ხელშესახებ შედეგებსაც მიაღწია. გასულ წელს ევროპამ გაზარდა გაზმომარაგება აზერბაიჯანიდან, 11.4 მილიარდ კბ/მეტრამდე, მაშინ, როდესაც 2021 წელს ეს მაჩვენებელი 8.1 მილიარდი კბ/მეტრი იყო. ამასთან ერთად, გასული წლის ივლისში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რომელიც 2027 წლამდე ევროპაში აზერბაიჯანული გაზის იმპორტის გაორმაგებას ითვალისწინებს. გასული წლის 15 ნოემბერს რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ გააფორმა კონტრაქტი აზერბაიჯანულ სოკართან, 2023 წლის მარტამდე 1 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდების თაობაზე. როგორც ჩანს, აზერბაიჯანს რუსული გაზი შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად სჭირდებოდა, რათა გამოეთავისუფლებინა გაზის რეზერვები და ბრიუსელთან დადებული ხელშეკრულება ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდის თაობაზე წლის ბოლომდე შეესრულებინა. რაც შეეხება, გრძელვადიან სტრატეგიას, ამ კუთხით აზერბაიჯანს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, რაც მოიცავს როგორც ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და შიდა მოპოვების ზრდას, ასევე კასპიის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას, რათა ევროპაში გაზის მიწოდების გაორმაგების მიზნები შეასრულოს. ამ კუთხით რუსეთთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე საუბარი არ არის და სანქციების ვითარებაში აზერბაიჯანის ამ პირობაზე დათანხმება ნაკლებ სავარაუდოა.

ბუნებრივი აირის მიწოდება ასევე გაიზარდა ნორვეგიიდან, 82-დან 90 მილიარდ კბ/მეტრამდე. ცალკეულმა ქვეყნებმა გააფორმეს ინდივიდუალური კონტრაქტები ალჟირთან, კატართან, ეგვიპტესთან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან. აღსანიშნავია გერმანიის მაგალითი, რომელიც ევროპაში ყველაზე მეტად იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე, ხოლო ახლა მისგან სრულად აქვს მოპოვებული ენერგოდამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანი წარმატებაა ისიც, რომ 2022 წელს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბუნებრივი აირის მოხმარება  დაახლოებით 12%-ით შეამცირეს. ამგვარად, რუსული გეგმები და წლების გამოცდილება, როდესაც კრემლი ენერგეტიკულ რესურსებს პოლიტიკურ-ეკონომიკური შანტაჟის იარაღად იყენებდა, უბრალოდ ჩამოიშალა.

არსებული გამოწვევები და სამომავლო პროგნოზები

ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით 2022 წელს გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, ევროპაში კვლავ არსებობს გარკვეული საფრთხეები და გამოწვევები. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ცნობებით, არსებულ ენერგეტიკულ საფრთხეებს ჯერჯერობით არ ჩაუვლია, რადგან ფასები კვლავ მერყევი და მგრძნობიარეა, ასევე გარკვეულ ქვეყნებს ჯერ კიდევ აქვთ სერიოზული პრობლემები გაზზე დამოკიდებულ ინდუსტრიულ სექტორებში. მათი ვარაუდით, 2023 წელს შესაძლოა რუსეთიდან ევროპაში გამავალი ისედაც მცირე რაოდენობის ბუნებრივი აირის ნაკადების (წლიურად დაახლოებით 20 მილიარდი კბ/მეტრი) კიდევ უფრო შემცირება და სრულიად შეწყვეტაც კი, რაც საქმეს კიდევ უფრო გაართულებს. გარდა ამისა, IEA-ის მონაცემების თანახმად, ევროკავშირის გაზის დეფიციტი 2023 წელს 57 მილიარდი კბ/მეტრი გაზი იქნება, რაც მთლიანი მოხმარების დაახლოებით 14.5%-ია. მათი გათვლებით, ევროკავშირში ბუნებრივი აირის მთლიანი მოთხოვნა 392 მილიარდი კბ/მეტრი იქნება. აქედან გამომდინარე, ექსპერტები ევროკავშირის გაზის მოხმარების 13-20%-ით შემცირების აუცილებლობას ხედავენ.

რუსული გაზის მიწოდების მკვეთრი შემცირების ფონზე ევროპისთვის გათხევადებული ბუნებრივი აირი მისი ერთ-ერთი ალტერნატივაა და ცდილობს მომწოდებლების მოძიებას, სადაც მისი მთავარი კონკურენტები აზიური სახელმწიფოები არიან, მათ შორის, თხევადი გაზის ყველაზე მსხვილი მომხმარებლები არიან ჩინეთი და ინდო-წყნარი ოკეანის სხვა სახელმწიფოები. აზიის ქვეყნები უფრო მეტად არიან დამოკიდებული თხევად გაზზე, ვიდრე ევროპა, რომელიც რუსეთისგან უწყვეტად იღებდა შედარებით იაფ ბუნებრივ აირს. ცხადია, რუსული გაზის ჩანაცვლების მიზნით ევროპაში თხევად გაზზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ამგვარად, ევროპა კონკურენციას უწევს აზიურ სახელმწიფოებს თხევადი გაზის შესყიდვაში, რაც, ცხადია, პირველ რიგში, კონკურენტული ფასის გადახდას გულისხმობს. 2022 წელს, ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების პარალელურად, შეამცირა ჩინური თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვაც და გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, 22 მილიარდი კბ/მეტრი თხევადი გაზით ნაკლები იყიდა ჩინეთისგან, თუმცა გაზარდა აშშ-დან და გასულ წელს თხევადი გაზის ამერიკულმა მწარმოებლებმა ევროპაში, 2021 წელთან შედარებით, 137%-ით გაზარდეს გაყიდვები.

2023 წელს ევროპაში გაზის მოხმარება ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, ამინდსა და გაზის მარაგების მართვაზე. რამდენადაც ცნობილია, ამ ეტაპზე ევროკავშირის გაზის რეზერვების დაახლოებით 63%-ია შევსებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით მეტია. 2022 წლის ზამთარში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაზოგეს იმაზე მეტი ბუნებრივი აირი, ვიდრე ეს გაზის მოხმარების დაზოგვის გეგმით იყო გათვალისწინებული, რაც უმეტესად მაღალი ტემპერატურით იყო განპირობებული. თუმცა, მეორე მხრივ, თუკი ტემპერატურა მიმდინარე წლის ზამთრის პერიოდში მკვეთრად დაეცემა და ეს ხანგრძლივი პერიოდით მოხდება, შეიძლება გაზის მარაგები იმაზე სწრაფად ამოიწუროს, ვიდრე ეს გეგმით იქნება გათვალისწინებული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროპა სრულად შეივსებს გაზის რეზერვებს, ეს საერთო მოთხოვნის დაახლოებით მეოთხედს დააკმაყოფილებს. ამგვარად, მიმდინარე წელს ევროპას კვლავ მოუწევს ენერგოუსაფრთხობასთან დაკავშირებულ საკითხებთან გამკლავება და სავარაუდოა, რომ იგი კვლავ იქნება მოწყვლადი ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებებისა თუ საერთო მოთხოვნის ცვლილებების მიმართ.

 

***

ამრიგად, არსებულ და სამომავლო ენერგეტიკულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ევროკავშირს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულმა ქვეყნებმა ნახეს ბუნებრივი აირის პოტენციური მომწოდებლები, აუცილებელია, რომ ეს ნაბიჯები იყოს უფრო მეტად კოორდინირებული წევრ ქვეყნებს შორის. ამ თვალსაზრისით, ევროკომისიამ უკვე წარმოადგინა ევროკავშირის ენერგეტიკული პლატფორმის ინიციატივა, რომელიც გააერთიანებს ევროკავშირის გაზის მოთხოვნას, განახორციელებს ერთობლივ შესყიდვებს და უფრო ეფექტიანად გამოიყენებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის – გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალებს. ასევე შესაძლებელია ევროპის ქვეყანათა ჯგუფების ფორმირება და რეგიონული თანამშრომლობა გაზის შემსყიდველ კომპანიებთან საერთო თანამშრომლობის მიზნით.

2023 წელს მოსალოდნელი გაზის დეფიციტის შედარებით შემცირება, ცხადია, შესაძლებელია. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიხედვით, ამის მიღწევა სრულიად ლოგიკური ამოცანაა ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების გზით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი როლი ექნება ატომური და ჰიდროელექტრო სადგურების ენერგიის გამომუშავებასაც, რომელიც 2022 წელს უკიდურესად დაბალ ნიშნულზე იყო, თუმცა მას რეალურად შეუძლია არსებული ენერგოდანაკლისის შემცირება. ორგანიზაციის რეკომენდაციები ასევე მოიცავს გათბობის საშუალებების სწრაფ ელექტრიფიკაციასა და მომხმარებელთა ქცევის შეცვლის წახალისებას.

სირთულეებთან ერთად, ცხადია, ეს არის ევროგაერთიანების შესაძლებლობა, დააჩქაროს ენერგეტიკული ტრანსფორმაცია ე.წ. მწვანე ტრანზიციის გზით. ბოლო წლების განმავლობაში იმდენად გაიზარდა განახლებადი ენერგიის წყაროების მნიშვნელობა ელექტროენერგიის წარმოებაში, რომ 2022 წელს ევროკავშირმა ქვანახშირის გამოყენებაც კი შეზღუდა. ეს შესაძლოა  კარგი წამახალისებელი ფაქტორი იყოს ამ მიმართულებით ინვესტიციების გაგრძელებისთვის. ამგვარად, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების მკვეთრი შემცირების, მიწოდების ბაზრების დივერსიფიცირებისა და მწვანე ენერგეტიკული ინვესტიციების განხორციელების გზით ევროპას შეუძლია არა მხოლოდ მოსალოდნელი ენერგეტიკული სირთულეების გადალახვა, არამედ გრძელვადიანი და მდგრადი ენერგოსუვერენიტეტის მიღწევაც.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.