X

რონდელის ბლოგი

„მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა

2022 / 11 / 07

ნინო იმედაშვილი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

პროპაგანდა რუსული ჰიბრიდული ომის ძლიერი იარაღია, რომელიც ადამიანების ემოციებზე ზემოქმედების გზით, ერთი მხრივ, აქტიური უმცირესობის განეიტრალებას აღწევს და მეორე მხრივ კი - მმართველი რეჟიმის/ლიდერის გარშემო უპირობო მხარდაჭერის მობილიზებას.

პროპაგანდა ადამიანების „ემოციების მიტაცებას“ ბევრი ფაქტორის გამოყენებით ახერხებს, მათ შორის, ეკონომიკური და უსაფრთხოების აქტუალური პრობლემებით, თუმცა ჩვენს ბლოგში მხოლოდ  პროპაგანდის სტრუქტურის მთავარ ემოციურ საყრდენებს, მის ძირითად თარგებს და შედეგებს  მიმოვიხილავთ.  

 

პროპაგანდის განზომილება

რუსულ პროპაგანდას ორი - შიდა და გარე - განზომილება აქვს. პროპაგანდის შიდა განზომილება ემსახურება რუსეთის მმართველი რეჟიმის გარშემო საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნებას, ხოლო გარე განზომილება - მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე (განსაკუთრებით, პროდასავლური საგარეო ორიენტაციის მქონე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა) რუსეთის დაკარგული გავლენის აღდგენას და განმტკიცებას.

პროპაგანდის ორივე განზომილებას კრემლი მართავს. მართვა გულისხმობს პროპაგანდისტული გზავნილის ფორმულირებას და შემდეგ პროპაგანდაში ჩართული დაქირავებული აქტორების კონტროლს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. პროპაგანდაში ჩართული აქტორების რაოდენობა კი დიდია - პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები, ექსპერტები, მსახიობები, რეჟისორები, უნივერსიტეტის პროფესორები, სასულიერო პირები. პროპაგანდის გზავნილები  სისტემატურად ვრცელდება სოციალურ ქსელში ე.წ. ტროლების საშუალებითაც. ამიტომ პროპაგანდა საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსსაც მოითხოვს, რადგან მასში ჩართულ სახელმწიფო თუ კერძო აქტორებს დაფინანსება და მეთვალყურე სჭირდებათ.  

 

პროპაგანდის სტრუქტურა

რუსული პროპაგანდის ეფექტურობას მისი პროვოკაციულობა და ემოციაზე გათვლა განაპირობებს. კრემლის თანამედროვე პროპაგანდა, საბჭოთა პროპაგანდისგან განსხვავებით, დაცლილია იდეოლოგიისგან, ლოგიკური თანმიმდევრულობისგან და გზავნილებიც ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგოა, თუნდაც ეს ერთ ამბავს ეხებოდეს. მაგალითად, სამთავრობო პროპაგანდამ სკრიპალების მოწამლის შესახებ  ურთიერთსაწინააღმდეგო 138 ყალბი ნარატივი გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ, ერთი შეხედვით, იდეოლოგიისგან დაცლილი არათანმიმდევრული პროცესი სრულად სტრუქტურირებულია და მისი მიზანი იმპულსური ემოციური მომენტუმის შექმნაა, სადაც სიმართლე უგულებელყოფილია. ე.ი. კრემლი ქმნის ერთ ან რამდენიმე ყალბ რეალობას, აუდიტორია კი ამ სიყალბესთან   მარტივი და პროვოკაციული შინაარსის გზავნილითაა დაკავშირებული. გზავნილის შინაარსი იმდენად ემოციურია, რომ ის ადვილად აღწევს ადამიანის ცნობიერში, აღიზიანებს ქვეცნობიერ იმპულსებს და ემოციურ-ილუზორულ სამყაროში გადაჰყავს, სადაც „ლოგიკური“ თავდაცვითი გამოსავლის რეცეპტიც პროპაგანდას გამზადებული აქვს: აქტიური პოლიტიკური პროცესიდან დისტანცირება ან მმართველი რეჟიმის გარშემო კონსოლიდირება.

რთული და თითქმის უშედეგო პროცესია რომ პროპაგანდას, რომელიც ემოციების მუდმივ ექსპლუატაციას ეწევა, მშრალი არგუმენტებით დაუპირისპირდე. მაგალითად, ნებისმიერი მხილება/კრიტიკა ან სახალხო პროტესტი სამთავრობო პროპაგანდით დაკავშირებულია ომის, რევოლუციის და ქაოსის გეგმასთან. ამიტომ კრემლის პროპაგანდის მთავარი საყრდენი გახდა აუდიტორიაში შიშის და ზიზღის ემოციის გამოწვევა, რომელმაც ადამიანის ღირსების და თავისუფლებისკენ სწრაფვის საჯარო მოთხოვნა დროებით შეაჩერა.

სანამ პროპაგანდის შიშის და ზიზღის საყრდენებს განვიხილავთ, მიმოვიხილოთ, თუ რას დაუპირისპირდა იგი.

 

პროპაგანდის მთავარი სამიზნე - „დასავლური საფრთხეები“

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასუსტებულ კრემლს დასავლეთთან თანამშრომლობის მცდელობებმა დაანახა, რომ დასავლეთს  „საფრთხეები“ ახლავს.

პირველი „საფრთხეა“ დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის გადამდები ხიბლი. ამ კულტურის ნაწილია ინდივიდის რწმენა, რომ მის ნებას შეუძლია შეცვალოს ქვეყნის ლიდერი ან პოლიტიკური პროცესი. რუსეთში კი, სადაც ფართომასშტაბიანი დესაბჭოეთიზაცია არ მომხდარა, მმართველი ელიტა თავს დაცულად ვერ იგრძნობდა ასეთ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში, სადაც ინდივიდს სწამს, რომ პოლიტიკურ პროცესის შეცვლა  შეუძლია.  

მეორე „საფრთხეა“ დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისთვის დამახასიათებელი კრიტიკულობა. დასავლეთი აკრიტიკებს არადემოკრატიულ რეჟიმებს და ითხოვს მართვის სამართლიანობას და ადამიანის უფლებების დაცვას. რუსეთის ავტორიტარული პოლიტიკური სისტემის დასავლეთის მხრიდან კრიტიკა გაზრდიდა რეჟიმის მიმართ შიდა უნდობლობას, რაც ამომრჩეველს საჯარო პროტესტის ლეგიტიმაციას მისცემდა. ეს კი დროთა განმავლობაში არა მხოლოდ არაპოპულარულს გახდიდა რეჟიმს, არამედ მის გარდაუვალ შეცვლას დააყენებდა დღის წესრიგში.

მესამე „საფრთხეა“ დასავლეთი, როგორც რუსეთის ალტერნატივა რეგიონში.  რუსეთი აღარ იყო ერთადერთი მოთამაშე და მიზიდულობის ცენტრი რეგიონში. დასავლეთი სოლიდურ მატერიალურ სარგებელს და განვითარებისთვის ყველა სხვა ტიპის დახმარებას სთავაზობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომლებიც დემოკრატიის გზას აირჩევდნენ.

რუსეთის ხელისუფლებამ, რომლის სადარდებელი ძალაუფლების შენარჩუნება და მეზობელი ქვეყნების კონტროლია, დასავლეთის ამ „საფრთხეებთან“ ბრძოლა შიშის და ზიზღის პროპაგანდით დაიწყო, რომელმაც ადამიანის ღირსების და თავისუფლების ხმა ჩაახშო.  

 

პროპაგანდის ემოციური საყრდენი  - შიში

შიშის პროპაგანდა დაეფუძნა „მტრის“ (გარე საფრთხის) მოგონებას და ამ „მტრით“ რუსეთის მოქალაქეების შეშინებას. გარდა შიშისა, ყველაფერი ნეგატიური ამ „მტერს“ უნდა დაკავშირებოდა. „მტერი“ იყო კოლექტიური დასავლეთი (აშშ და ევროკავშირი).

შიშის პროპაგანდას ორი საფეხური ჰქონდა. პირველი - „მტრის“ მიზნების გამოკვეთა, რომელსაც პროპაგანდა შემდეგნაირად წარმოადგენდა:

  1. დასავლეთს სურს ომი, ქაოსი და არასტაბილურობა.

პროპაგანდა არწმუნებდა აუდიტორიას, რომ დასავლეთი თითქოს „დემოკრატიის ხელშესაწყობად“ ერეოდა რუსეთის შიდა საქმეებში, აკრიტიკებდა არსებული რეჟიმის პოლიტიკას და თავს ახვევდა  ვითომ სამართლიან სტანდარტს. პროპაგანდა „ლოგიკურ“ გამოსავლად აუდიტორიას კარნახობდა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მიზნით დასავლეთის ყოველგვარი გავლენისგან განთავისუფლებას.  

იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეები დარწმუნებულიყვნენ, რომ დასავლეთს ომი უნდოდა და დასავლეთის ომთან ასოცირება მოეხდინათ, კრემლმა გამოიყენა კომუნისტური იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი სისხლიანი კონფლიქტები. მედიით გავრცელებული დაბომბილი ინფრასტრუქტურის, დახოცილი ბავშვების, დამწვარი სახლების და გაწამებული დევნილი ხალხის ვიდეოები და ფოტოები მაყურებლის წარმოდგენაში ნატოს სამხედრო შეიარაღებას უნდა დაკავშირებოდა. რუსული პროპაგანდა, მასში ჩართული სახელმწიფო და კერძო აქტორებით, ირწმუნებოდა, რომ დასავლეთი რუსეთის მოკავშირე მართლმადიდებელ სერბეთს თავს დაესხა და ეს საშინელი ომიც დასავლეთის პოლიტიკის შედეგია. რეალობა კი სხვა იყო - ნატომ შეაჩერა სერბეთის მოწყობილი ბოსნიელების და ალბანელების ეთნიკური წმენდა და რეგიონს მშვიდობა მოუტანა.  

პროპაგანდის ამ საფეხურის ნაწილი იყო შემდგომში ტერორიზმის და სხვადასხვა კონფლიქტის მიზეზების გაიგივება კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკასთან. პროპაგანდის მიხედვით, ეს იყო შედეგი და იძულებითი საპასუხო აგრესია დასავლეთის „მონდომებისთვის“, ერთნაირი, ვითომ სამართლიანი, მმართველობის სტილი მოეხვია თავს დანარჩენი მსოფლიოსთვის.

შიშის პროპაგანდის სტრუქტურის მეორე საფეხური იყო „გარე საფრთხის“ (საგარეო მტრის)  „შიდა საფრთხესთან“ (შინაურ მტერთან) დაკავშირება, რომელიც ასე ჩამოყალიბდა:  

  1. დასავლეთი იყენებს რეჟიმის შიდა ოპონენტებს ქაოსისა და რევოლუციების მოსაწყობად. დასავლეთი აფინანსებს მთავრობის კრიტიკას (მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტივისტებს, ოპოზიციას). დასავლეთი აწყობს სახელმწიფო გადატრიალებებს და ხელისუფლებაში მოჰყავს თავისი მართული პოლიტიკოსები. პროპაგანდის „ლოგიკური“ გამოსავალი იყო მთავრობის მაკრიტიკებლებისგან დისტანცირება, რადგან ისინი დაკავშირებული იყვნენ ქვეყნის „საგარეო მტერთან“.  

კრემლი  პროპაგანდის ამ ძირითად თარგს იყენებდა შიდა სიტუაციური კრიზისების დასაძლევად. 

მაგალითად, როცა პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ შიდა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარებდა (დისიდენტების მარში 2006-2007 წლებში; „სტრატეგია 31-ის“ მიერ მოწყობილი აქციები 2009 წელს, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით „მილიონის მარში“ 2011-2012 წლებში, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის განთავისუფლების მოთხოვნის აქცია 2013 წელს, ბორის ნემცოვის მიერ ორგანიზებული უკრაინაში რუსული ომის საწინააღმდეგო აქცია 2015 წლის 1 მარტს. აქციამდე, 27 თებერვალს, ნემცოვი მოკლეს, თუმცა აქცია მაინც ჩატარდა. ანტიკორუფციული გამოსვლები 2017-2019 წლებში), კრემლის პროპაგანდა ამ აქციებს აკავშირებდა დასავლეთთან, თითქოს ეს იყო დასავლეთის მიერ დაფინანსებული არეულობები, რომელთა მიზანი იყო დემოკრატიის სახელით რადიკალიზმის წახალისება რუსეთში. აქციის მიმდინარეობისას რუსული სპეცსამსახურები საჩვენებლად იჭერდნენ აქციის „დასავლეთთან კავშირის“ მქონე  „რადიკალ“ ორგანიზატორებს.

„გარე საფრთხის“ (დასავლეთის) „შიდა საფრთხესთან“ (საპროტესტო აქციებთან) გაიგივებას წინ უძღოდა 2003-2004 წწ-ში საქართველოსა და უკრაინაში მომხდარი მშვიდობიანი რევოლუციები და  ევროკავშირის 2004 წლის დიდი გაფართოება 10 ახალი წევრით, რომელთა უმრავლესობა ყოფილი კომუნისტური ქვეყნები იყვნენ. ასევე, აშშ-ის და ევროკავშირის გამოკვეთილი საგარეო პრიორიტეტი - რეგიონში დემოკრატიის გავრცელების ხელშეწყობა.

სწორედ ამ პერიოდიდან კრემლის პროპაგანდა სახალხო ანტისამთავრობო გამოსვლების უკან დასავლეთის „გეგმას“ ხედავდა.

მაგალითად, მშვიდობიანი რევოლუციები საქართველოსა და უკრაინაში თუ რეალურად წარმოადგენდა ხალხის ნების გამარჯვებას გაყალბებულ არჩევნებზე, კრემლისეული დეზინფორმაციული პროპაგანდის მიხედვით, ის იყო რუსეთის მოსაზღვრედ დასავლეთის მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება საკუთარი მარიონეტების მოსაყვანად.

„გარე საფრთხის“ „შიდა „საფრთხესთან“ დაკავშირების და არეულობით აუდიტორიის დაშინების სამთავრობო პროპაგანდას მოჰყვა საპროტესტო ერთიანობის მორღვევა და პოლარიზაცია, შემდეგ - აქციების მარგინალიზაცია და ბოლოს - პუტინის რეჟიმის გარშემო ამომრჩევლის მობილიზება.

რადგან დასავლეთი „საფრთხეს“ წარმოადგენდა, კრემლის პროპაგანდამ „საფრთხედ“ გამოაცხადა თავისი მოსაზღვრე და დასავლეთის მოკავშირე ქვეყნები - საქართველო და უკრაინა. ამ ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პატარა წარმატებები ააქტიურებდა მათკენ მიმართულ კრემლის დეზინფორმაციულ და აგრესიულ კამპანიას, რომელსაც, ერთი მხრივ, კვლავ ამომრჩევლის შიდა მობილიზაცია უნდა მოეხდინა „გარე საფრთხის“ მოახლოებით და, მეორე მხრივ, დასავლეთს დემოკრატიის გავრცელების ხელშეწყობაზე ხელი უნდა აეღო, რადგან რუსეთი მეზობელ ქვეყნებში ომით იმუქრებოდა, რაც რუსეთს გავლენის სფეროების დაკანონებას მოუტანდა. ამას კი პუტინი ღიად ითხოვდა. მაგალითად, 2007 წელს, საქართველოში შეჭრამდე 1 წლით ადრე, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა მოითხოვა, რომ დასავლეთს დაეშვა მრავალპოლარული (გავლენის სფეროების მხრივ) მსოფლიო. პუტინმა განაცხადა, რომ  რადგან პლანეტა ერთი ქვეყნის (ამერიკის) დიქტატურას დაექვემდებარა, რუსეთი არ დაუშვებდა ერთპოლარულ (მხოლოდ ამერიკის მართულ) მსოფლიოს და  გარისკავდა წასულიყო ამერიკის ჰეგემონიის წინააღმდეგ.

ანალოგიურად, 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პუტინმა კვლავ გაიმეორა, რომ ეს „ოპერაცია“ (რუსეთის უკრაინაში ომი) დაამსხვრევდა ამერიკის მართულ მსოფლიო წესრიგს და ამერიკული ლიბერალურ-გლობალური ეგოცეტრიზმიდან მსოფლიო გადავიდოდა მრავალპოლარულ სისტემაში.

კრემლმა საქართველოსა და უკრაინაში ომით დასავლეთი ვერ დაითანხმა დაეშვა გავლენის სფეროების გადანაწილება და ხელი აეღო დემოკრატიის ხელშეწყობიდან, თუმცა „გარე საფრთხის“ მოახლოებით გააქტიურებულმა შიშის პროპაგანდამ ამომრჩეველი პუტინის გარშემო კიდევ ერთხელ შემოკრიბა.

რუსეთის სტატისტიკის კვლევის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2008 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში პუტინის მოწონების რეიტინგი (კითხვაზე „ეთანხმებით თუ არა რუსეთის პრეზიდენტის (პრემიერ-მინისტრის) ვლადიმერ პუტინის საქმიანობას?“)  გაიზარდა. უშუალოდ რუსეთის რეგულარული არმიის საქართველოში შემოჭრის პერიოდში პუტინის მოწონების რეიტინგი 80%-დან 83%-მდე გაიზარდა, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა, პუტინის რეიტინგმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - 88% გახდა.

ანალოგიურად, 2014 წლის თებერვალი-მარტის პერიოდში, როცა რუსეთმა უკრაინის რეგიონის ყირიმის ანექსია მოახდინა, პუტინის რეიტინგი 69%-დან 80%-მდე გაიზარდა, ხოლო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვალი-მარტის პერიოდში, პუტინის მოწონების რეიტინგი 69%-დან 83%-მდე გაიზარდა.  

პროპაგანდის ემოციური საყრდენი  - ზიზღი

კრემლი შიშის პროპაგანდას, მუდმივად მაღალ დონეზე შესანარჩუნებლად, სიძულვილით კვებავს. შიშთან ერთად რუსეთის მაცხოვრებლებს დასავლეთი ძალიან უნდა შეზიზღებოდათ. ამიტომ შიშის პროპაგანდას 2008 წლიდან იდენტობასთან დაკავშირებული გზავნილები დაუმატეს.

დასავლეთი ებრძვის რელიგიურობას - მართლმადიდებლობას,

დასავლეთი ებრძვის ოჯახის ცნებას და ტრადიციებს,

დასავლეთი თავს გვახვევს პედოფილიას, ჰომოსექსუალიზმს და გარყვნილი ცხოვრების წესს.

კრემლის ზიზღის პროპაგანდის მიხედვით, დასავლეთი ფუნდამენტურად მიუღებელი უნდა გამხდარიყო ფასეულობებისა და ცხოვრების წესის გამო.

ზიზღის პროპაგანდამ „სულიერი რუსეთი vs გარყვნილი დასავლეთი“ იმუშავა. 2018 წლის Levada-Center-ის გამოკითხვამაც აჩვენა, რომ რუსების 53% არ თვლის თავს „დასავლური კულტურის ხალხად“, ხოლო 45% უარყოფითად არის განწყობილი ზოგადად დასავლური ცხოვრების წესის მიმართ. გარდა ამისა, რესპონდენტთა 75%  დასავლურ ქვეყნებს „რუსეთის მტრებად“ მიიჩნევს. შედარებისთვის, 19 წლის წინანდელი მაჩვენებლების მიხედვით, რესპონდენტთა 70% დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის განვითარების მოდელად მიიჩნევდა.

ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ 2000-იანების დასაწყისში, სანამ პროპაგანდა ფეხს იდგამდა, დასავლური ღირებულებები და განვითარების მოდელი მისაღები და გასაზიარებელი იყო რუსეთის მოქალაქეებისთვის.  კრემლის 22-წლიანი პროპაგანდის შედეგად კი, დასავლეთი ფუნდამენტურად მიუღებელი გახდა.  

დასკვნა

კითხვაზე, კვლავ გააგრძელებს თუ არა კრემლი „ემოციების მიტაცებას“, ერთმნიშვნელოვანი პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოლიტიკური სისტემა იქნება რუსეთში. თუ პუტინისტური ავტორიტარული სტილი შენარჩუნდება, მაშინ „ემოციების მიტაცება“ სულ უფრო ინტენსიური გახდება, რადგან სწორედ შიშის და ზიზღის კომბინაცია ეხმარება მმართველ რეჟიმს სანდოობის შენარჩუნებასა და დასავლურ „საფრთხეებთან“ ბრძოლაში. თუმცა, ის ამავე დროს რეჟიმს კუთხეში ამწყვდევს. თუ რომელიმეს შეამცირებს კრემლი, მაშინ მოსახლეობას რეაქცია გაუჩნდება ქვეყნის შიგნით გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და გამოშიგნულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაკავშირებით, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები. ამიტომ კრემლის პროპაგანდას მუდმივად სჭირდება შიშის (საფრთხის) და ზიზღის შთაბეჭდილებების შენარჩუნება, რათა უპირობოდ შეინარჩუნოს მხარდაჭერა. ამ უპირობო მხარდაჭერის შენარჩუნების განუყოფელი ნაწილია „საგარეო მტერთან“ მუდმივი ბრძოლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის სურვილის მქონე მეზობელ ქვეყნებშიც.   

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.