X

რონდელის ბლოგი

რისთვის ემზადება ბელარუსი

2022 / 12 / 07

ეკა ჯავახიშვილი, ანალიტიკოსი 

 

რისთვის ემზადება ბელარუსი: თავდაცვისა თუ თავდასხმისათვის?

რუსეთ-ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ {1} დოქტრინით განსაზღვრული რეგიონული საერთო საჯარისო დანაყოფის ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგების შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა მინსკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში ჩართვისთვის ემზადება. ამ შესაძლებლობაზე მიუთითებს ფაქტები, რომ ბელარუსში აქტიურად მიმდინარეობს რუსული სამხედრო ძალების წვრთნა და ტექნიკის თავმოყრა, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ლაპარაკობს „უკრაინისა და ნატოს წევრი ქვეყნებისგან მოსალოდნელი თავდასხმისა“ და პრევენციული ღონისძიებების შესახებ. მიუხედავად იმისა, თუ რისთვის ემზადება ბელარუსის ხელისუფლება - თავდაცვისა თუ თავდასხმისთვის - რეგიონული საერთო საჯარისო დანაყოფის მანევრები ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან დაძაბულობას ზრდის.

აღსანიშნავია, რომ ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებულმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე, რუსულ საოკუპაციო ძალებს საშუალება მისცა, თავდასხმისთვის ბელარუსის ტერიტორია გამოეყენებინათ, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომში ბელარუსის არმიის ჩართვის სურვილი ლუკაშენკოს არც ერთხელ არ გამოუხატავს. აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკოს კრემლთან პოლიტიკური ლავირების რესურსი თანდათან ეწურება და ახლოვდება მომენტი, როცა  მას, შესაძლოა, მისთვის არცთუ ისე მომგებიანი გადაწყვეტილების მიღება მოუწიოს. შესაბამისი გადაწყვეტილების შედეგად გაღებული ხარჯისა და მოსალოდნელი სარგებლის გაანალიზებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა ბელარუსის ინტერესებში საერთოდ არ შედის, მაგრამ ლუკაშენკოსთვის ძალაუფლების შენარჩუნების საკითხი პირდაპირ უკავშირდება კრემლის მხარდაჭერას. ბელარუსის პოტენციური ჩართვა მიმდინარე კონფლიქტში ომის სურათს, დიდი ალბათობით, არსებითად ვერ შეცვლის, თუმცა პუტინის ნაბიჯები ყოველთვის რაციონალური არ არის და იგი მუდმივად ესკალაციის გზას ირჩევს. თუ პუტინი გადაწყვეტს უკრაინასთან ომში მინსკის ჩაბმას, ლუკაშენკოს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს: სრულფასოვნად ჩაებას ომში რუსეთის სასარგებლოდ, რაც საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ღიად წასვლას ნიშნავს, ან უარი თქვას პუტინის ავანტიურაში ჩართვაზე, რაც მას შეიძლება ძალაუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდეს.

განვიხილოთ, თუ რაზე მიუთითებს რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო მზადება, რა შედეგებს მოელის მინსკი მისგან, ისევე, როგორც მოსკოვი და შევაფასოთ, რამდენად დიდია რუსეთ-უკრაინის ომში ბელარუსის ჩართვის ალბათობა.

რისთვის ემზადება ბელარუსის დიქტატორი?

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბელარუსის ხელისუფლება გამუდმებით ლაპარაკობს უკრაინისა და ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან ბელარუსზე მოსალოდნელი თავდასხმის მზადებასა და პრევენციული ღონისძიებების საჭიროებაზე. 8 ოქტომბერს უკრაინის ელჩი ბელარუსში, იგორ კიზიმი, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და დიპლომატიური ნოტაც კი გადასცეს „კიევის გეგმების გამო, განახორციელოს ბელარუსზე თავდასხმა“, რასაც უკრაინული მხარე კატეგორიულად უარყოფს. ასეთი ნარატივით ბელარუსის ხელისუფლება ხელოვნურად ქმნის ქვეყანაზე თავდასხმის მოლოდინს და თითქოს ამზადებს მოტივს იმ შემთხვევისთვის, თუ ომში ჩართვა მოუწევს.

როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული ლუკაშენკოს ფრაზა «А я сейчас вам покажу, откуда на Беларусь готовилось нападение», რეალურად უკავშირდება ლუკაშენკოს გამოგონილ შიშს „ბელარუსზე თავდასხმის მზადებასთან“ დაკავშირებით. სინამდვილეში, ლუკაშენკოს უკრაინიდან მომდინარე საფრთხის ნაცვლად, დევნილობაში მყოფი ბელარუსი ოპოზიციის გეგმები უფრო აღელვებს. იგი ნათლად აცნობიერებს, რომ კრემლის მხარდაჭერის გარეშე მისი პრეზიდენტობა ჯერ კიდევ 2020 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ დასრულდებოდა, რომლის შედეგებსაც ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს.

მინსკი შეშფოთებულია, რადგან საზღვარგარეთ მყოფმა ოპოზიციამ მზადყოფნა გამოაცხადა, გამოიყენოს წინააღმდეგობის ყველა გზა, მათ შორის – შეიარაღებული ფორმაც. მიმდინარე წლის აგვისტოში ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ტიხანოვსკაიამ ემიგრაციაში მინისტრთა გარდამავალი კაბინეტი შექმნა, სადაც ძალოვან მინისტრებად დაასახელა უშიშროების სამსახურის ორი ყოფილი თანამშრომელი - ალექსანდრ აზაროვი და ვალერი სახაშჩიკი. მათ ღიად განაცხადეს, რომ ემზადებიან ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა სცენარისთვის, მათ შორის, ძალის გამოყენებისთვის. ამ მიზნით, ისინი ამყარებენ კონტაქტებს უკრაინაში ბელარუს მოხალისეებთან და შესაბამის საბრძოლო მომზადების კურსებსაც ატარებენ. ლუკაშენკოს განცხადებით, ოპოზიციის ეს ქმედებები მხარდაჭერილია დასავლეთში და „რადიკალური მებრძოლების“ წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთში, ლიეტუვასა და უკრაინაში, რაც წარმოადგენს პირდაპირ მუქარას ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ვარშავაში შექმნილია ე.წ. დანაყოფ „Пагоня“-ს (ბელარუსის მოქალაქეებისგან შემდგარი დანაყოფი, რომელიც იბრძვის უკრაინაში) გადაბირებისა და ფინანსური მხარდაჭერის ცენტრი, რომელიც სამხედრო გამოცდილების მქონე 20-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცების შერჩევით არის დაკავებული. მათი ინფორმაციის თანახმად, „ექსტრემისტული ფორმირების“ ორგანიზატორები არიან ვადიმ პროკოპიევი და ვალერი სახაშჩიკი, რომელთა წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ლუკაშენკოს დიქტატურისთვის საფრთხეს წარმოადგენს ასევე უკრაინაში საომრად წასული ასობით ბელარუსი მოხალისე, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ლუკაშენკოს რეჟიმს გაექცნენ და ამჟამად უკრაინელებთან ერთად იბრძვიან ბელარუსის მოხალისეთა რაზმის სახით. ზოგიერთი მებრძოლი ღიად აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანი არის უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ „პრორუსულ დიქტატურასთან გამკლავება სახლში“.

ლუკაშენკომ არაერთხელ განაცხადა, რომ იგი ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად მიიჩნევს „ნატოს ქვეყნების მხრიდან მის საზღვრებთან პროვოკაციებს, ბელარუსი პოლიტიკური ემიგრანტების მიერ დივერსიული რაზმების წვრთნას და უკრაინის გეგმებს, იერიში მიიტანონ ბელარუსზე“. აღნიშნულ საფრთხეებზე პრევენციული რეაგირების მოტივით, ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტების გადაწყვეტილებით, ბელარუსში სამოკავშირეო სახელმწიფოს რეგიონული საერთო საჯარისო დანაყოფი განლაგდა.

15 ოქტომბრიდან აღნიშნული დაჯგუფება „შეიარაღებული თავდაცვის ამოცანების“ შესრულებას შეუდგა, რისთვისაც 9000-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე, დაახლოებით 170 ტანკი, 200-მდე საბრძოლო ჯავშანმანქანა და 100-მდე ნაღმმტყორცნი და საავიაციო ნაწილები რუსეთიდან ბელარუსში გაიგზავნა. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა ბელარუსში ჰიპერბგერითი რაკეტა „Кинжал“-ით აღჭურვილი ავიაგამანადგურებლებიც განათავსა. თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე ბელარუსის მაჩულიშის აეროდრომზე განთავსებული „MiG-31K“ ტიპის გამანადგურებლები და გალავნით გამაგრებული დიდი კონტეინერიც ჩანს, რომელშიც, სავარაუდოდ, რაკეტები ინახება.

ბელარუსის ოფიციალური პირები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სამხედროთა ეს განლაგება განხორციელდა სამოკავშირეო სახელმწიფოს სამხედრო დოქტრინის შესაბამისად, რომლის თანახმად, რეგიონული საერთო საჯარისო დანაყოფი ამოქმედდება მაშინ, როცა ორივე ქვეყნისთვის „სამხედრო საფრთხე გაიზრდება“. ბელარუსის ხელისუფლება განმარტავს, რომ დანაყოფის ძირითად ბირთვს ბელარუსის შეიარაღებული ძალები წარმოადგენენ, რუსები კი მხოლოდ მათ გასაძლიერებლად ჩავიდნენ. თავის მხრივ, რუსული მხარე აცხადებს, რომ ეს ჯგუფი არ მიიღებს მონაწილეობას „უკრაინის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ და ჯარების გაგზავნა „ლუკაშენკოს შეშფოთების შემსუბუქებას“ ემსახურება.   

ჩაერთვება თუ არა ლუკაშენკო უკრაინასთან ომში?

უკრაინის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ომში ბელარუსის არმიის უშუალო მონაწილეობის ალბათობა ძალიან დაბალია, თუმცა არ არის ნულის ტოლი. ოქტომბრის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთიდან შეჭრის საფრთხე იზრდება.

საგულისხმოა, რომ უკრაინა ჩრდილოეთ საზღვარს უკვე შვიდი თვეა საგულდაგულოდ აძლიერებს. ბელარუსის საზღვრის გასწვრივ დანაღმულია გზები, დანგრეულია ხიდები, საზღვარზე გამყოფი კედელიც შენდება. გარდა ამისა, ადგილზე არსებული რელიეფის ბუნება და კლიმატური პირობები არ იძლევა ჯარის დიდი მასების მარტივად გადაადგილების საშუალებას - აქ ბევრი ჭაობი და ტბაა. თავდამსხმელებს შეუძლიათ გადაადგილება მხოლოდ რამდენიმე გზის გასწვრივ, რომლებიც უკრაინული მხარისთვის ცნობილია და, სავარაუდოდ, უკვე კარგად არის დაცული.

სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბელარუსის მხარეს სამხედრო, სამედიცინო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მწვავე დეფიციტია, რაც ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მინსკს არ აქვს ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაში შეჭრისთვის სათანადო მზაობა.

რაც შეეხება რუს მებრძოლთა რაოდენობას, ბელარუსში დისლოცირებული 9000 რუსი რეზერვისტი (რა ციფრიც ოფიციალურად დასახელდა) არ არის ის ძალა, რომელსაც ბელარუსის დაბალკვალიფიციური სამხედროების დამატების შემთხვევაშიც კი, ჩრდილოეთ უკრაინაში მნიშვნელოვანი შეტევითი ამოცანის გადაჭრა შეეძლება. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლუკაშენკოს შეუძლია 10000-მდე საკონტრაქტო ჯარისკაცის გამოყოფა, ძირითადად, სპეცოპერაციების ძალებიდან, რაც, დიდი ალბათობით, დრამატულად ვერ შეცვლის ომის სურათს. იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსში რუსული კონტინგენტი სწრაფ ზრდას დაიწყებს, შესაბამისად გაიზრდება ბელარუსის ომში ჩაბმის ალბათობაც.

კიდევ ერთი არგუმენტი იმის დასტურად, რომ ბელარუსი თავდასხმისთვის არ ემზადება, მდგომარეობს იმაში, რომ რეგიონული საერთო საჯარისო დანაყოფი განლაგდა ოთხ ლოკაციაზე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ბელარუსში და არა – უშუალოდ უკრაინის საზღვრებთან ახლოს. სავარაუდოდ, ამ ეტაპისთვის, ბელარუსის მონაწილეობა შემოიფარგლება მხოლოდ მის ტერიტორიაზე რუსული ძალების წვრთნით.

უკრაინასთან ომში პირდაპირი ჩართვის პერსპექტივა ლუკაშენკოს შიდა პოლიტიკური რისკებით ემუქრება, რათა არ დაკარგოს ის მცირე საშინაო მხარდაჭერაც, რაც მას შემორჩა. ზოგადად, ბელარუსში არის საზოგადოებრივი კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ბელარუსს უკრაინის წინააღმდეგ ომი არ სჭირდება. სატელეფონო და ონლაინ გამოკითხვებში რესპონდენტთა დაახლოებით 90% ამბობს, რომ ბელარუსის არმიამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ომში. Chatham House-ის სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოქალაქეთა მხოლოდ 3% ფიქრობს, რომ მათი ქვეყანა უნდა შეუერთდეს რუსეთის ომს უკრაინაში. შესაბამისად, საზოგადოებაში უბრალოდ არ არსებობს სოციალური ბაზა, რომელზეც ლუკაშენკოს შეეძლო დაყრდნობა ომში ჩართვის შემთხვევაში.

გარდა ამისა, არც ბელარუს სამხედრო მოსამსახურეთა შორის შეიმჩნევა ომში ჩართვის მაღალი მოტივაცია. მაშინ, როცა რუსი ჯარისკაცები რუსეთის იმპერიის ექსპანსიონისტური იდეალებისთვის იბრძვიან, რიგითი ბელარუსი ჯარისკაცისთვის აზრს მოკლებულია პუტინის ამბიციებისთვის თავდადება. ბელარუსი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ ლუკაშენკო გასცემს ბრძანებას ჯარის უკრაინაში გაგზავნის შესახებ, ისინი ან გაიქცევიან, ან შესაძლოა იარაღი დიქტატორის წინააღმდეგ მიმართონ,  რისიც ლუკაშენკოს ძალიან ეშინია.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რეგიონული საერთო საჯარისო დანაყოფის განლაგება ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმის უსაფრთხოების დაცვას უფრო მეტად ემსახურება, ვიდრე უკრაინაზე თავდასხმის გეგმებს. თუმცა, ეს ორმხრივად მომგებიანი ნაბიჯია, საიდანაც სარგებელს რუსეთიც ელის.

რა არის რუსეთის გათვლა?

პირველ რიგში, რეგიონული საერთო საჯარისო დანაყოფის  განლაგება ბელარუსში, რუსეთის მორიგი სამხედრო მუქარაა უკრაინის მისამართით და შეიძლება საინფორმაციო ომის ნაწილადაც მივიჩნიოთ. გარდა ამისა, ეს არის დაძაბულობის დამატებით კერის შექმნის მცდელობა უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან. სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ გზით რუსეთს სურს, უკრაინის არმიას ყურადღება გადაატანინოს ჩრდილოეთ საზღვრისკენ, მოახდინოს უკრაინის სამხედრო ძალების გადასროლა ამ მიმართულებით, რათა შეანელოს წინსვლა სხვა ფრონტებზე და გაიმარტივოს ამოცანა უკრაინის სამხრეთით ბრძოლებში, სადაც რუსული საოკუპაციო ძალები სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან და ანექსირებული ტერიტორიების ეტაპობრივად დათმობა უწევთ. ეს კი წმინდად რეპუტაციული საკითხია რუსეთის პრეზიდენტისთვის. თუ რუსეთი დაკარგავს ახლად შეერთებულ უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონს, ეს იქნება პირადად პუტინისა და „რუსული უძლეველი არმიის“ დიდი მარცხის დემონსტრირება, რისი დაშვებაც არ სურს კრემლს.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად ზღუდავს ბელარუსის სუვერენიტეტს, სულ უფრო აქცევს საკუთარი კონტროლის ქვეშ ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკას, თავდაცვას, ეკონომიკას და სხვა სტრატეგიულ ვექტორებს. თუ რუსეთ-ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ იდეა ათეული წლების განმავლობაში მხოლოდ ფურცელზე იყო, ახლა უკვე რეალურ სახეს იძენს, რაც კრემლს მეტ შესაძლებლობას აძლევს, ზეგავლენა იქონიოს ბელარუსის სამთავრობო გადაწყვეტილებებზე, ხოლო ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას დამატებით გამოწვევებს უქმნის.

დასკვნა

როგორც იკვეთება, არგუმენტების უმრავლესობა ლოგიკურად იხრება იმ აზრის სასარგებლოდ, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაში სამხედრო შეჭრა ნაკლებად მოსალოდნელი სცენარია, მაგრამ მისი სრულად უგულებელყოფაც არ შეიძლება. ბელარუსის დიქტატორს უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვის ინტერესი, გარდა იმისა, რომ პუტინის დავალება შეასრულოს, პრაქტიკულად არ აქვს. თუმცა, ძნელია რუსეთისა და ბელარუსის ლიდერების ნაბიჯების პროგნოზირება მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ ეს ქმედება უსარგებლო იქნება. თუ რუსეთის ზეწოლით, ადრე თუ გვიან ბელარუსი მაინც ჩაერთვება ომში, ეს იქნება ლუკაშენკოს მცდელობა, რომ პუტინის მხარდაჭერის სანაცვლოდ კიდევ უფრო გაიხანგრძლივოს ხელისუფლების სათავეში ყოფნის პერიოდი. საგულისხმოა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი დღემდე უმთავრესად ძალოვან უწყებებზე დგას და თუ იგი საკუთარ დასაყრდენ ძალებს უკრაინასთან უსამართლო ომში დაკარგავს,  ეს კიდევ უფრო დააჩქარებს მისი დიქტატურის დასასრულს.

{1} „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ორი ქვეყნის ინტეგრაციას ისახავს, ხელი 1999 წელს მოეწერა. ეს პროცესი ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას, საერთო ვალუტის გამოყენებას, შეთანხმებული საგარეო და სამხედრო პოლიტიკის წარმოებას, საერთო პარლამენტისა და სასამართლო სისტემის ფორმირებას გულისხმობს. 

 

 

 

 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.