X

რონდელის ბლოგი

კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?

2022 / 06 / 20

ავტორი: კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

 

პოტენციური კანდიდატი დაახლოებით იმავე პრივილეგიებით სარგებლობს (ფინანსური პაკეტი, პოლიტიკური დიალოგი, ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობა), რითაც კანდიდატი სახელმწიფო.  „ევროპული პერსპექტივა“  ევროკავშირში ინსტიტუციური ინტეგრაციის გზაზე დადგომას ნიშნავს. სულაც არ გვაქვს სანერვიულო იმაზე, რომ, ევროკომისიის რეკომენდაციიდან გამომდინარე, კანდიდატის სტატუსს მყისიერად ვერ მივიღებთ. მთავარი კითხვა და სანერვიულო არის: მზადაა თუ არა ქვეყანა შეასრულოს ევროკომისიის მხრიდან წაყენებული პირობები? თუ არა, მაშინ არც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ექნებოდა აზრი, რადგან ანალოგიური პირობების შესრულებას მოგვთხოვდნენ გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებადაც და თუ არ შევასრულებდით, დავრჩებოდით წევრობის კანდიდატ სახელმწიფოდ კიდევ მრავალი წელი, უკეთეს შემთხვევაში, ან სამუდამოდ - უარესში.

 

რამ განაპირობა ჩვენთვის ნაკლები სტატუსის მინიჭება

უკუსვლა დემოკრატიის თვალსაზრისით, საშინლად გაფუჭებული კომუნიკაცია ევროკავშირის ინსტიტუტებთან (ევროპარლამენტარებთან კინკლაობა და კრიმინალების ძახილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების დენონსაცია, ევროკომისიისგან გრძელვადიან შეღავათიან კრედიტზე (70 მლნ. ევრო) უარის თქმა, რადგან ამ კრედიტის სანაცვლოდ სასამართლო რეფორმის გატარება არ გვსურდა), ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური პოლარიზაცია, უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობების დაძაბვა, ევროკავშირის საჯაროდ დადანაშაულება, თითქოსდა საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში, ამ ფონზე რუსეთის დუმიდან საქართველოს მისამართით გაკეთებული საქებარი განაცხადები და მრავალი სხვა.  გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომელშიც ვიმყოფებით, რომ არა ომი უკრაინაში და, შედეგად, ევროკავშირში საგარეო პოლიტიკის „სეკურიტიზაციის“ (უსაფრთხოებაზე მეტი აქცენტი) ხარისხის გაზრდა, გეოპოლიტიკური პრიორიტეტების წამოწევა, გაწევრიანებაზე ჩვენს განაცხადს უბრალოდ არც კი მიიღებდნენ. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ „აპროქსიმაციის“ (საკანონმდებლო დაახლოების) მაჩვენებლით უკრაინასა და მოლდოვას არ ჩამოვუვარდებით. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადების თანახმად კი, უკრაინამ ევროპა გააოცა ომის პირობებში მისი სახელმწიფო ადმინისტრაციის ქმედითუნარიანობით, დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხითა და ადგილობრივი მმართველობების მიერ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარით. მოლდოვას მიმართ, მიუხედავად მრავალი პრეტენზიისა, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისა  და ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის თქმით, ახალი ლიდერშიპი იძლევა იმედს, რომ ქვეყანა ყველა პრობლემას გაუმკლავდება. ორივე ქვეყანასთან მიმართებით აღინიშნა, რომ ევროკომისია ენდობა მათ მთავრობებს და უადვილდება მათთან თანამშრომლობა. ჩვენ შემთხვევაში ასეთი დამოკიდებულება ევროკომისიას არ გამოუთქვამს.

რა მომავალი გვესახება

ზემოთ მოყვანილი არასასიამოვნო ფაქტების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, უნდა გვიხაროდეს, რომ ევროკომისიამ თავის რეკომენდაციაში პროცესის მიღმა არ დაგვტოვა და სერიოზული შანსი მოგვცა იმისა, რომ რამდენიმე თვეში "გამოვსწორდეთ", დავიმსახუროთ კანდიდატის სტატუსი, და დავეწიოთ მოლდოვასა და უკრაინას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ორ ქვეყანასაც წაუყენეს პირობები და მათ დაკმაყოფილებამდე გაწევრიანების მოლაპარაკებები არც მათთან დაიწყება. ასე რომ, საქართველოს, თუ მართლა აქვს ევროკავშირის წევრობის ამბიცია, შეუძლია მალევე მიიღოს კანდიდატის სტატუსი, გადაასწროს კიდევაც ამ ორ პარტნიორს და მათზე ადრეც კი ჩაერთოს გაწევრიანების მოლაპარაკებებში.

ტრიოს დაშლა

პარტნიორი ქვეყნებისთვის ხარისხობრივად განსხვავებული სტატუსის მინიჭების გამო, თეორიულად, ასოცირებულ „ტრიოს“ დაშლა არ ემუქრება. ჩვენ, როგორც პოტენციური კანდიდატ ქვეყანას, თუ ეს სტატუსი საბჭომ დაგვიდასტურა, ტრიოს ორ სხვა პარტნიორთან თანამშრომლობის ჩვეულებრივი შესაძლებლობა შეგვინარჩუნდება. ასოცირებული ტრიო, თავის მხრივ, სამი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობისთვის შექმნილი ფორმატია და მას ისედაც არ გააჩნდა ლეგალური ბმა ევროკავშირის ინსტიტუტებთან ან მის პოლიტიკასთან. უფრო მეტად დამაფიქრებელია ამ კონტექსტში უკრაინის მთავრობასა და ჩვენს ხელისუფლებას შორის გაცივებული ურთიერთობები. ტრიოს მომავალს მხოლოდ ამ სამი ქვეყნის თანამშრომლობის სურვილი და ნება გადაწყვეტს. 

აღმოსავლეთ პარტნიორობა თუ ახალი ფორმატი?

აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისევე, როგორც ამ ინიციატივის საფუძვლის - ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის, დამფუძნებელ დოკუმენტებში  ხაზგასმულია, რომ ეს ჩარჩო არ ითვალისწინებს მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებას. შესაბამისად, ამ პოლიტიკის ფარგლებში წარმოებულ ნებისმიერ პროექტს თუ თანამშრომლობის ფორმას არ ახასიათებს პარტნიორი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნების მომსახურება. მარტივი წარმოსადგენია, რომ ასეთ ფორმატში უკრაინის და მოლდოვის დატოვება უამრავ უხერხულობას შეუქმნის არა მარტო მათ, არამედ ფორმატის სხვა მონაწილეებსაც. აუცილებელი გახდება ამ ფორმატის მართვისთვის მიღებული ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციის ცვლილებაც. ამ პრობლემისთვის თავის დასაღწევად ყველაზე მარტივი გზაა უკრაინისა და მოლდოვის დასავლეთ ბალკანეთისთვის შექმნილ თანამშრომლობის ფორმატებში (სულ ექვსი ფორმატია) გაერთიანება და ფინანსურ ინსტრუმენტად გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტის - IPA III-ის გამოყენება. თუმცა ევროკავშირს მოუწევს ამ დახმარების ინსტრუმენტის დაფინანსების გაზრდა და ეს, როგორც ჩანს, სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტიდან ფინანსური რესურსების ნაწილის IPA-III-ში გადატანით მოხდება, რადგან მას ამჟამად 7 ბენეფიციარი ჰყავს - ექვსი დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატისა და პოტენციური კანდიდატის (6 ქვეყანა) და თურქეთის სახით. IPA-III-ის 2021-2027 წლების  ფინანსური პაკეტი 14. 2 მილიარდ ევროს მოიცავს, ხოლო NDICI-ის (სამეზობლო, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრომენტის) ის ნაწილი, რომელიც სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებისკენ (16 ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩათვლით) მიემართება 19.3 მილიარდია. ამრიგად, ვერ ვიტყვით, რომ კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების დაფინანსება დიდად აღემატება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისას.   

თუკი მოლდოვასა და უკრაინას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატიდან გაიყვნენ, როგორც კანდიდატ ქვეყნებს და, სავარაუდოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის ფორმატებში შესთავაზებენ შესვლას, საქართველოც იმავე ფორმატში უნდა გადასვან, რადგან სხვა პოტენციური კანდიდატებიც ამ ფორმატებში ერთიანდებიან. თუმცა ასეთი ცვლილება არ გამორიცხავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მათი თანამშრომლობის გაგრძელებასაც, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცე მრავალი კავშირებითა და ინტერესებითაა ერთმანეთთან გადახლართული. იმის გამო, რომ კანდიდატობის მინიჭების პროცესმა სულ რაღაც სამთვე-ნახევარი დაიკავა, ჯერ არავის უფიქრია ახალი რეალობის პირობებში ასეთ პრაქტიკულ საკითხებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს იმისა, რომ დაგვაშორებენ მოლდოვასა და უკრაინას და სხვა, ინტეგრაციის ისეთ ფორმატში აღმოვჩნდებით, რომელსაც ევროკავშირთან დაახლოების ნაკლები სიჩქარე ახასიათებს.  

რა არის ახლა გასაკეთებელი

აუცილებელია, რომ ჩვენმა მთავრობამ დაუყოვნებლივ აღიაროს ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი პირობები, გამოხატოს სრული მზადყოფნა მათი დაკმაყოფილებისთვის. იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა მათ არ ეთანხმება, ნებისმიერი დისკუსიის გამართვა ამის გარშემო აზრს  მოკლებულია. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ევროკომისიას გაემართოს მოლაპარაკებები პირობების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ამიტომ, თუ მთავრობა არ ეთანხმება და უარს ამბობს იმუშაოს წაყენებული პირობების დასაკმაყოფილებლად, გამომდინარე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კონსტიტუციური ვალდებულებიდან, მან უნდა დათმოს საკუთარი უფლებამოსილება.  ამის შემდგომ უნდა დაინიშნოს ახალი მთავრობა, რომელიც აიღებს პირობების შესრულების ვალდებულებას.  ეს მინიმალისტური სცენარია, რომელიც არ გულისხმობს ახალ არჩევნებსა და ხელისუფლების ცვლილებას.  ცვლილება, თუ ეს საჭირო გახდა, ძალიან სწრაფად უნდა განხორციელდეს და ახალმა მთავრობამ მყისიერად და ეფექტურად დაიწყოს ევროკომისიის პირობების შესრულებაზე მუშაობა. ახალ მთავრობას ასევე აღარ შებოჭავს "ნეგატიური მეხსიერება" ევროკავშირის წარმომადგენლებთან ურთიერთობებში და უპრობლემოდ იმუშავებს ევროკომისიასთან და ევროპარლამენტთან (თუმცა ევროპარლამენტთან ურთიერთობების გამოსასწორებლად მმართველი ძალის რამდენიმე ლიდერიც უნდა გვერდზე გადგეს და ეს ურთიერთობები დაუთმოს სხვა კოლეგებს). ევროკომისიის რეკომენდაციებს თუ გავითვალისწინებთ მთავრობამ უნდა შექმნას სამოქალაქო საზოგადოების აქტიური და კვალიფიციური წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო (სამუშაო) ჯგუფი, სადაც შევლენ დარგის პროფესიონალი ექსპერტები. ამ ჯგუფს უნდა მიეცეს ფართო მანდატი, რომ პრაქტიკულად უხელმძღვანელოს აუცილებელ რეფორმებს. კარგი იქნება, თუ ამ ჯგუფს მხარდაჭერას  ასევე ევროპელი ექსპერტების გუნდი გაუწევს.


დღევანდელი მდგომარეობით, მხოლოდ ასე გვესახება გზა მიზნის მისაღწევად. ეს  მშვიდობიანი და ეფექტური გზაა იმისთვის, რომ ქვეყანა არ აღმოჩნდეს ურთიერთდაპირისპირებისა და დესტაბილიზაციის წინაშე, რის შემთხვევაშიც მოგებული დარჩება მხოლოდ რუსეთი და შესაძლოა ეს ამ უკანასკნელისთვის რეგიონში ერთადერთი გამარჯვება აღმოჩნდეს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.