X

რონდელის ბლოგი

ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები

2023 / 07 / 17

ავტორი: ალექს პეტრიაშვილირონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

 

11-12 ივლისს ვილნიუსში გამართული ნატოს სამიტისადმი ინტერესიც დიდი იყო და მოლოდინიც. ყველასთვის ცხადი იყო, რომ უკრაინის თემა მთავარი იქნებოდა, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილებების შესაძლებლობებზე საუბარმა, სხვადასხვა ვერსიების განხილვამ და შესაძლო შედეგების პროგნოზირებამ ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობა მაქსიმუმამდე გაზარდა. პირადად უკრაინის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის პოზიცია  არაერთ განცხადებაში გამოიკვეთა: „ჩვენ გვესმის, რომ ახლა ომია და უკრაინას ნატოში ვერავინ მიიღებს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მკაფიო სიგნალები, საგზაო რუკა და სავარაუდო ვადები მიწვევასა და გაწევრიანებასთან დაკავშირებით“. თავის მხრივ, ალიანსის წევრები უფრო იხრებოდნენ მრავალწლიანი სამხედრო დახმარების თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადებისკენ და თავს იკავებდნენ გაწევრიანების ან მოწვევის შესახებ რაიმე კონკრეტულის თქმისგან. კულუარებში სხვადასხვა ქვეყანა სახელდებოდა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რაიმე კონკრეტული დაპირების გამოცხადებას. ოფიციალურად არსად თქმულა, მაგრამ მინიშნება იყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაზე. გამორიცხვის მეთოდით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს ორი ქვეყანა უშლიდა ხელს კონსენსუსის მიღწევას, ვინაიდან ნატოს 23 წევრმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა უკრაინასთან ერთობლივ ორმხრივ დეკლარაციას უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე, უშუალოდ სამიტამდე 2-3 დღით ადრე კი პრეზიდენტ ზელენსკის ანკარაში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ნატოს წევრობას, დარჩენილ 7 წევრს შორის კი იყო აშშ და გერმანია.

გარდა უშუალოდ მოწვევისა თუ გაწევრიანებისა, სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც იყო აზრთა სხვადასხვაობა და ინტენსიური დიპლომატიური მუშაობა. კერძოდ, ერთ-ერთ კომპრომისულ შეთავაზებად უკრაინისთვის განიხილებოდა ეგრეთ წოდებული ისრაელის ტიპის მრავალწლიანი სამხედრო დახმარება ნატოში მიწვევის სანაცვლოდ. ამასთან დაკავშირებითაც უკრაინის ხელისუფლებამ ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ვერავითარი სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტია ვერ იქნებოდა მისთვის მისაღები, გარდა უკრაინის ნატოში წევრობისა. ვფიქრობ, მათ სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი იყო ამ მხრივ. გარდა ამისა, განიხილებოდა უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, ანუ მაპის, ვალდებულების მოხსნის საკითხიც, რაც შეამოკლებდა ნატოში გაწევრიანების გზას. არც ამასთან დაკავშირებით იყო კონსენსუსი ალიანსის წევრებს შორის. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერდა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები წინააღმდეგი იყო. თავისი პოზიციები ღიად დააფიქსირეს როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანმა ჯეიმს კლევერლიმ, ისე ამერიკის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა.

ამდენად, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დრამატული აღმოჩნდა უკრაინის საკითხის ირგვლივ მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება. პირველი ინფორმაცია, რაც გავრცელდა, იყო დმიტრო კულებას ტვიტი, რომლის თანახმად, ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ალიანსი შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატოში მაპის გარეშე გაწევრიანდებოდა. ასეთივე მკაფიო ნამდვილად არ იყო ნატოს გენერალური მდივნის განცხადება („ვაგრძელებთ საუბარს ამასთან დაკავშირებით“), რამაც ცხადყო, რომ საკითხი  არ იყო ბოლომდე გადაწყვეტილი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო კონსენსუსი უკრაინის ნატოში მიწვევის ვადებთან დაკავშირებით, ალიანსის ყველა წევრი, ამერიკის ჩათვლით, დათანხმდა მაპის ამოღებას. ეს გადაწყვეტილება დაფიქსირდა საბოლოო კომუნიკეშიც და განცხადებებშიც, რომელიც გააკეთეს ნატოს გენმდივანმა და ამერიკის პრეზიდენტმა პრეს-კონფერენციების დროს.

როგორც ჩანს, უკრაინის ხელმძღვანელობა არ ჯერდებოდა მიღწეულს და სურდა კონკრეტული პასუხის მიღება მიწვევის ვადებთან დაკავშირებით. პრეზიდენტ ზელენსკის სამიტზე ჩასვლამდე გაკეთებული განცხადება საკმაოდ ხისტი იყო; იმდენადაც კი, რომ შემხვედრი განცხადებებიც გაკეთდა და საკმაოდ უხერხული დაძაბულობა გამოიწვია სამიტზე. წევრი ქვეყნების ლიდერები (მაგ., პრეზიდენტი მაკრონი) და ცალკეული წარმომადგენლები (თეთრი სახლის წარმომადგენელი სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში ჯონ კირბი) გაგებით ეკიდებოდნენ უკრაინის გულისწყრომას, ხოლო ნაწილი (დიდი ბრიტანეთი თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი) ითხოვდა უფრო დიდ მადლიერებას გაწეული სამხედრო დახმარებისთვის. თუმცა, საბოლოო ჯამში, თავად ზელენსკიმ განმუხტა ვითარება, როდესაც განაცხადა, რომ მიწვევაზე კონკრეტული პასუხი იქნებოდა იდეალური, მაგრამ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს და ის მადლიერია იმ დახმარებისთვის, რომელსაც ალიანსი უწევს უკრაინას.

გარდა მაპის ვალდებულების მოხსნისა, უკრაინამ მიიღო ნატო-უკრაინის საბჭოს ფორმატი, რასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თავად ნატოში. პირველი ასეთი ფორმატის სამიტის დროს და მის შემდეგ გაკეთდა ბევრი იმედის მომცემი განცხადება უკრაინისთვის, ხოლო პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი ნამდვილად აღარ უნდა ყოფილიყო უკმაყოფილო, ვინაიდან ამერიკის პრეზიდენტმა ღიად დააფიქსირა მისი მტკიცე ნება და მზაობა უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. „სულმოუთქმელად ველით ჩვენს ოფიციალურ შეხვედრას, რომელზეც დავადასტურებთ თქვენს ნატოში მოპატიჟებას“.

სამიტის მსვლელობისას გადაწყდა, რომ ნატო ყოველწლიურად გამოყოფს 500 მილიონ დოლარს უკრაინისთვის არალეტალური მხარდაჭერის მიზნით, რაც გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადებას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. აგრეთვე, წევრი და არაწევრი (ავსტრალია) ქვეყნების ლიდერებმა გააკეთეს განაცხადი უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ. კერძოდ, გერმანია დამატებით გადასცემს 2 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტს“, 40 ჯავშანმანქანა „მარდერს“ და 25 ტანკს „ლეოპარდ 1 ა5“ (ჯამში, გერმანული დახმარება 700 მილიონ დოლარს შეადგენს); საფრანგეთი გადასცემს შორ მანძილზე (400 კმ) მოქმედ სკალპის ტიპის რაკეტებს (ბრიტანული „შტორმ შედოუს“ ანალოგი); კანადა – 410 მილიონი დოლარის დახმარებას; დიდი ბრიტანეთი – 65 მილიონი დოლარის დახმარებას და 30 ჯავშანმანქანა „ბუშმასტერს“ – ავსტრალია.

სამიტის დროს უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ნატოს 11 წევრი სახელმწიფოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მოაწერა ხელი ამერიკულ ფ-16-ებზე უკრაინელი პილოტების მომზადების აგვისტოდან დაწყების შესახებ. მოგვიანებით უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ეს თვითმფრინავები, სავარაუდოდ, უკრაინას ევროპელი მოკავშირეების მარაგებიდან გადაეცემა, ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინის შეიარაღებაში ამერიკული ფ-16-ები 2024 წლის 1-ლი კვარტლის ბოლომდე გამოჩნდება.

ამ დახმარებების და მხარდაჭერის დაგვირგვინება იყო დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ შეთანხმებული ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც გულისხმობს დემოკრატიული მსოფლიოს 7 ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ვალდებულებას, მიაწოდონ უკრაინას ყველა საჭირო შეიარაღება, დაეხმარონ მას შეიარაღებული ძალების წვრთნაში, ითანამშრომლონ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლასა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ როგორც საბოლოო კომუნიკეში, ისე დიდი შვიდეულის დეკლარაციაში და ცალკეული ლიდერების განცხადებებში ღიად აღინიშნა უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო მართვის ინსტიტუტების რეფორმების წარმატებით განხორციელების განსაკუთრებული მნიშვნელობა.

უკრაინის პრეზიდენტმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა დიდი შვიდეულის ამ გადაწყვეტილებას და გამოთქვა იმედი, რომ ეს იქნება საფუძველი მომავალი ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმებების ხელმოწერისთვის. ამდენად, მთლიანობაში, უკრაინისთვის ვილნიუსის სამიტი ნამდვილად წარმატებულად უნდა ჩაითვალოს.

უკრაინის საკითხის გარდა, 2 დიდი თემა იყო, რომლის თაობაზე შეთანხმების მიღწევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ალიანსისთვის. რთული სათქმელია, რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მედიასივრცეში უფრო მეტი ყურადღება ნამდვილად შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობის მიღწევას ეთმობოდა და ამაში დიდი წვლილი პირადად თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს მიუძღვის. მან ძალიან ოსტატურად „აწია“ თამასა სამიტამდეც და უშუალოდ სამიტზეც, რათა კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ყოფილიყო მისი თანხმობა და, პირდაპირ ვთქვათ, უფრო მეტი მიეღო სანაცვლოდ. მეორე საკითხი, რომელსაც ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, იყო თავდაცვისა და შეკავების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე გადაწყვეტილების მიღება. როგორც მოგეხსენებათ, ნატოს უელსის სამიტზე 2014 წელს გადაწყდა, რომ 10 წლის ვადაში ყველა წევრმა-ქვეყანამ უნდა შეასრულოს თავდაცვაზე მშპ-ის 2%-ის დახარჯვის ვალდებულება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამ, უკრაინის ბრძოლამ და ომის მიმდინარეობამ ყველა ქვეყანას ნათლად დაანახა, რომ მათი უმეტესობა არ იყო მზად თავდაცვისა და შეკავებისთვის. საბჭოთა კავშირის დაშლამ და ცივი ომის დასრულებამ ნატოს წევრი ქვეყნები მოადუნა და გაათამამა. წლების მანძილზე მცირდებოდა ხარჯები თავდაცვასა და შეიარაღებაზე. ამიტომაც, როდესაც ალიანსმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის თაობაზე, სულ მალე მოკავშირეებმა აღმოაჩინეს, რომ მათი შეიარაღების და ამუნიციის მარაგები ცოტა  ხანში დადგებოდა ამოწურვის საფრთხის წინაშე. შესაბამისად, თავდაცვისა და შეკავების სტრატეგია საჭიროებდა ალიანსის წევრების პრინციპულ გადაწყვეტილებას.

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ სამიტი ნამდვილად წარმატებული იყო.   ოფიციალურ გახსნამდე 1 დღით ადრე ნატოს გენმდივანი, თურქეთის პრეზიდენტი და შვედეთის პრემიერი ერთმანეთს ვილნიუსში შეხვდნენ და 3-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს, რომ თურქეთის პრეზიდენტი უმოკლეს ვადაში გაგზავნის თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში სარატიფიკაციო სიგელს და თავად მიიღებს მონაწილეობას პროცესის წარმატებით და სწრაფად დასრულებაში. აქვე გეტყვით, რომ  სამიტის მომდევნო დღეებში იყო სარატიფიკაციო პროცედურის გავლის მოლოდინი, თუმცა პრეზიდენტმა ერდოღანმა სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტი არ შეიკრიბებოდა ოქტომბრამდე და, შესაბამისად, იმ დრომდე არც რატიფიკაცია მოხდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უნგრეთის პარლამენტმა ასევე უნდა გაუკეთოს რატიფიცირება ამ დოკუმენტს და ისიც საშემოდგომო სესიაზე გეგმავს ამ პროცედურის გავლას. ნებისმიერ შემთხვევაში, საკითხი გადაწყვეტილია და შვედეთი შემოდგომაზე ნატოს 32-ე წევრი გახდება. გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ შვედეთი, მისი სამხედრო მომზადების და ნატოსთან თავსებადობის დონით, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სიძლიერით, ეკონომიკური მდგომარეობით და დემოკრატიულობის ხარისხით ნამდვილად დიდი შენაძენია გლობალური გამოწვევების წინაშე მყოფი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის.

ოფიციალურად არ დადასტურებულა, უფრო მეტიც, ორივე მხარე უარყოფს პირდაპირ ბმას, მაგრამ, როგორც ამბობენ, შვედეთის გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ თურქეთმა უნდა მიიღოს ამერიკის თანხმობა ახალი თვითმფრინავების ფ-16-ების შეძენასა და არსებულის მოდერნიზებაზე. პროცესი დაძრულია კონგრესში და, მაღალი ალბათობით, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.

თავდაცვის და შეკავების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით სამიტზე მიღწეული შეთანხმება შეფასდა, როგორც ისტორიული, ვინაიდან ასეთი მასშტაბის თავდაცვითი ღონისძიებების შესახებ შეთანხმება პირველად შედგა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (300 ათასი სამხედრო მოსამსახურე მაღალი მზადყოფნის რეჟიმში, დამატებითი საზღვაო და საჰაერო საშუალებები და ა.შ.), ხოლო თავდაცვის ხარჯებზე მშპ-ის 2%-ის მინიმალურ ზღვრად განსაზღვრა სწორედ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის „დამსახურებით“ გადაწყდა და სხვა შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, წესით, ვილნიუსის სამიტზე უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი, ვერ შეთანხმდა სამიტამდე ცოტა ხნით ადრე. კერძოდ, ეს ეხებოდა ახალი გენერალური მდივნის არჩევას. 3 ძირითად კანდიდატს შორის, რომლებიც განიხილებოდა, იყვნენ დანიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრები და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი. კონსენსუსი ვერ შედგა და საკითხიც მარტივად გადაწყდა: იენს სტოლტენბერგს კიდევ 1 წლით გაუგრძელდა უფლებამოსილება ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე. სამიტის დაწყებამდე გაჩნდა ცნობებიც, რომ ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ევროპული კომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის კანდიდატურას, თუმცა თავად ქალბატონი ფონ დერ ლეიენი თავს იკავებს ამ შეთავაზებაზე. მას კიდევ აქვს 1 წელი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე და, შესაბამისად, ნატოს გენმდივნის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვაზე დასაფიქრებლად.

რაც შეეხება საქართველოს, საბოლოოო კომუნიკეს საქართველოსადმი მიძღვნილ პუნქტში დაფიქსირდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულება, ხოლო გაწევრიანების კონტექსტში კვლავ აუცილებელ პირობად აღინიშნა საქართველოსთვის მაპის მინიჭება. საყურადღებო სიახლეს წარმოადგენს ჩანაწერი რეფორმების განხორციელების განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. კერძოდ, ხაზი გაესვა რეფორმების განხორციელებისთვის ნატოსთან თანამშრომლობის ყველა ინსტრუმენტის გამოყენების მნიშვნელობას. ჩემი აზრით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, სამიტამდე კარგა ხნით ადრე საჭირო სამუშაოს ჩატარება და რეფორმების გატარების კუთხით პროგრესის მიღწევა გააჩენდა კარგ შანსებს იმისა, რომ ჩვენც მიგვეღო გაუმჯობესებული ჩანაწერი ნატოს საბოლოო კომუნიკეში.

ჩემი აზრით, საერთო ჯამში, სამიტი იყო წარმატებული. ვფიქრობ, რომ მოლოდინი  გარკვეულწილად გადაჭარბებული იყო, თუმცა შედეგები მაინც აღმოჩნდა მნიშვნელოვანი და ხელშესახები.

მომავალ წელს საიუბილეო, 75-ე სამიტი გაიმართება ვაშინგტონში, ხოლო 2025 წელს – ნიდერლანდებში. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა შეძლებს 2024-ში რუსეთზე გამარჯვების მიღწევას, რაც გარდაუვალს გახდის უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მიმდინარე წელს ომში სასიკეთო გარდატეხა დადგება და უკრაინის ნატოში მიწვევა მართლაც რეალობად იქცევა მომავალ სამიტზე.    

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.