X

რონდელის ბლოგი

რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?

2021 / 10 / 06

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
 

ბოლო ათწლეულებში კავკასიაში არაერთი კონფლიქტური სიტუაცია შექმნილა და დღეისათვის, როგორც ჩანს, რეგიონში კიდევ ერთი ახალი, ამჯერად უკვე ირანულ-აზერბაიჯანული, დაპირისპირება მომწიფდა, რომელიც მხოლოდ ამ ორი ქვეყნით არ შემოიფარგლება.   

ბოლო კვირების განმავლობაში სერიოზულად დაძაბულ ირან-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს უპრეცედენტო მასშტაბების ირანული სამხედრო წვრთნები მოჰყვა ამ ქვეყნების საზღვრის ახლოს, რასაც ასევე სამხედრო გზით უპასუხეს აზერბაიჯანმა და მისმა მოკავშირე თურქეთმა.              

ასეთ ვითარებაშ ბევრს უჩნდება კითხვა - რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები და რატომ მაინცდამაინც ახლა?  

საქმე ისაა, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში საგრძნობლად შეიცვალა მანამდე არსებული ძალთა ბალანსი. ამ ომში აზერბაიჯანის გამარჯვებას მოჰყვა თურქულ-აზერბაიჯანული [1] ნაციონალისტური გრძნობების გაღვივება როგორც საკუთრივ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისე ირანის ჩრდილოეთში, სადაც დაახლოებით 20 მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს (ეს მაშინ, როცა საკუთრივ აზერბაიჯანის მოსახლეობა, ოფიციალური მონაცემებით, 10 მილიონია).

ამ ამბებს წინ უძღოდა აზერბაიჯანელების მიერ ორი ირანელი სატვირთო ავტომობილის მძღოლის დაკავება სომხეთ-ირანის დამაკავშირებელ სახმელეთო გზის იმ მონაკვეთზე, რომელზე კონტროლიც აზერბაიჯანულმა მხარემ აღიდგინა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ. აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, ეს მძღოლები ჩართული არიან არალეგალურ ვაჭრობაში სეპარატისტულ მთიან ყარაბაღთან.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ირანსა და სომხეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, რომელსაც თეირანი ასევე განიხილავს, როგორც შავ ზღვასთან (და ევროპასთან) დამაკავშირებელ ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო არტერიას და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის (რუსეთი-ირანი) სასიცოცხლო მონაკვეთს. [2]

ლურჯი ფერით აღნიშნულია სომხეთ-ირანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ის მონაკვეთი, რომელსაც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანი აკონტროლებს. წითელი ფერით კი აღნიშნულია თურქეთ-ნახიჩევან-დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი სავარაუდო კორიდორის მონაკვეთი სომხეთის ტერიტორიაზე ირანის საზღვრის სიახლოვეს.

ამას დაემატა ოფიციალური ბაქოსა და ანკარის მიერ სამხრეთ სომხეთის ტერიტორიის გავლით თურქეთ-ნახიჩევან-დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზების გახსნის მოთხოვნა (ამ გზების გახსნას ერთი წლის წინ ხელმოწერილი რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო შეთანხმებაც ითვალისწინებს), რაზეც სომხური მხარე ამ დრომდე არ თანხმდება.

ამასთან, აზერბაიჯანში (მათ შორის, უმაღლეს დონეებზე) დაიწყეს საუბრები და მინიშნებები, რომ სომხეთის სამხრეთი ნაწილი (რომელსაც სომხური მხარე სიუნიკს, აზერბაიჯანული მხარე კი - ზანგეზურს უწოდებს) ძირძველი აზერბაიჯანული ტერიტორიაა, რომელიც ისტორიული „ბედუკუღმართობით“მოხვდა მეზობელი ქვეყნის შემადგენლობაში.

სომხეთის სიუნიკის (აზერბ. ზანგეზური) პროვინცია, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს ნახიჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს

კიდევ უფრო შორს წავიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელმაც განაცხადა, რომ თუ სომხეთი თავისი ნებით არ დათანხმდება კორიდორის გახსნის წინადადებას, მაშინ ამას აზერბაიჯანი ძალის გამოყენებით გააკეთებდა.

ცხადია, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, არა მხოლოდ ფიზიკურად ჩაიჭრებოდა ირანის ჩრდილოეთთან (სომხეთი, საქართველო, რუსეთი, შავი ზღვა-ევროპა) დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზები, არამედ, თეირანის გადმოსახედიდან, ირანის გარშემო შეიკვრება ერთიანი თურქულ-აზერბაიჯანული რკალი, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გააღვივოს ნაციონალისტური განწყობები ჩრდილოეთ ირანში მცხოვრებ აზერბაიჯანელებში.

თურქულ-აზერბაიჯანული რკალი ირანის გარშემო კორიდორის გახსნის შემთხვევაში

ამის გარდა, თეირანი გაღიზიანებულია თურქულ-აზერბაიჯანული ერთობლივი სამხედრო წვრთნების ხშირი ჩატარებით. მათგან ირანისთვის განსაკუთრებით მტკივნეული კასპიის ზღვაში ჩატარებული თურქულ-აზერბაიჯანული საზღვაო წვრთნები და ყარაბაღის სიახლოვეს ჩატარებული თურქულ-აზერბაიჯანულ-პაკისტანური [3] სახმელეთო წვრთნები იყო.

თეირანის გადმოსახედიდან არსებობს კიდევ ერთი მეტად საგულისხმო მიზეზი, რის გამოც იგი არ მოერიდა აზერბაიჯანთან დაპირისპირებას. თეირან-ბაქოს ურთიერთობებს ამძიმებს ისრაელის ფაქტორიც. ცნობილია, რომ ისრაელში წარმოებული დრონები აქტიურად იყო ჩართული ყარაბაღის მეორე ომში და ირანში აქვთ ერთგვარი ეჭვი, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განლაგებულია  ისრაელის სამხედრო დანაყოფები, რა ბრალდებაც რამდენიმე დღის წინ ღიად წამოაყენა ოფიციალურმა თეირანმა. მეორე მხრივ კი ისრაელი ეჭვობს, რომ ირანს უკვე მალე  ექნება ბირთვული იარაღი და ექსპერტები სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ირანზე ისრაელის შესაძლო თავდასხმაზე იმ მიზნით, რომ თეირანს მოუსპოს ასეთი იარაღის შექმნის შესაძლებლობა.

სწორედ ეს მოვლენები  შეაფასა ირანმა, როგორც მის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი საფრთხე და გადაწყვიტა აქამდე უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარება აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, რომელშიც ჩართეს 4 ირანული დივიზია, საერთო ჯამში - 50 000 ირანელი ჯარისკაცით.

სიმბოლურია თავად ირანული წვრთნების დასახელებაც - თეირანმა მას "ხაიბარის დამპყრობლები" დაარქვა. ხაიბარი კი ქალაქია საუდის არაბეთში, სადაც 628 წელს მუჰამედმა ებრაელები დაამარცხა და იგი მუსლიმების მიერ ებრაელებზე გამარჯვების სიმბოლოდ მიიჩნევა. ამ დაპირისპირებაშიც ხომ თეირანი ბაქოს სწორედ ისრაელთან მოკავშირეობაში და ირანის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაში ადანაშაულებს.

ირან-აზერბაიჯანის დაპირისპირება მალევე აისახა სოციალურ ქსელებზე, სადაც ადვილად შესამჩნევი გახდა საინფორმაციო ომის გამოკვეთილი ელემენტები ისტორიული და ნაციონალისტური ნარატივებით.

აზერბაიჯანული ნაციონალისტური ნარატივი დაახლოებით ასე გამოიყურება: „სამხრეთი აზერბაიჯანი არ არის ირანი!“

აზერბაიჯანული ნარატივის ერთ-ერთი მაგალითი

ირანული ნაციონალისტური ნარატივი კი ასეთია: „ვაქციოთ აზერბაიჯანი კვლავ ირანის ნაწილად!“ (ირანში ბევრს მიაჩნია, რომ თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია 200 წლის წინ წაართვა მას რუსეთმა და მისი ირანის შემადგენლობაში 32-ე პროვინციად „დაბრუნების“ დრო დადგა)

ირანული ნარატივის ერთ-ერთი მაგალითი

რა თქმა უნდა, აღნიშნულ დაპირისპირებაში აზერბაიჯანი მარტო არაა და მას ღიად  უმაგრებს მხარს თურქეთი და, დიდი ალბათობით, ასევე, ისრაელიც (თუმცა ეს ცალკე მსჯელობის დიდი თემებია).

         

            დასკვნა

  • ირან-აზერბაიჯანის დაპირისპირებას თავისი ისტორია აქვს. მაგრამ ამ შემთხვევაში დაპირისპირების ახალი ტალღა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ ძალთა ახალ ბალანსს მოჰყვა, როდესაც თეირანმა საკუთარი პოზიციების შესუსტება იგრძნო და რასაც, მისი შეფასებით, საფრთხეების მომატება მოჰყვა;
  • თეირანისთვის მიუღებელია როგორც აზერბაიჯან-ისრაელის და აზერბაიჯან-თურქეთის მჭიდრო კავშირები, ისე სომხეთის პოზიციების მკვეთრი შესუსტება რეგიონში, რაც აშკარად შესამჩნევია ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ;
  • ეს დაპირისპირება არ ნიშნავს, რომ იგი ავტომატურად პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზრდება, თუმცა იგი გრძელვადიანია და ეს პრობლემა კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს თავს ამ რეგიონში;
  • ეს დაძაბულობა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როგორი მყიფეა მშვიდობა და სტაბილურობა კავკასიის რეგიონში, სადაც მიმდინარე მოვლენებს ახლოდან ადევნებენ თვალს და მასზე მყისიერად რეაგირებენ ძლიერი რეგიონული აქტორები;
  • აღნიშნულ დაპირისპირებაზე საკუთარი პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია რუსეთს. თუმცა, ცხადია, რომ მოსკოვში ყურადღებით აკვირდებიან აქ მიმდინარე მოვლენებს და, დიდი ალბათობით, მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე მათი რეაგირების დრო ჯერჯერობით არ დამდგარა (გავიხსენოთ, კრემლი ასევე მოიქცა ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობისას, სადაც დიდი ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად სიჩუმეს ინარჩუნებდა); 
  • კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერის გაჩენა არ შედის საქართველოს ინტერესებში. ცხადია, რომ მშვიდობა და სტაბილურობაა ჩვენი ინტერესი. თუმცა, ოფიციალური თბილისის შესაძლებლობები და ინსტრუმენტები, გავლენა მოახდინოს მიმდინარე მოვლენებზე, ამ მხრივ ძალზე შეზღუდულია.

 

[1] რამდენადაც მათ ერთმანეთთან საერთო წარმომავლობა და ენა აკავშირებთ, ნაციონალისტური ნარატივიც ერთმანეთის მსგავსი აქვთ.
[2] ამ პრობლემებიდან გამომდინარე სომხეთმა დაიწყო ალტერნატიული გზის მშენებლობა. თუმცა იგი უფრო მეტად მთაგორიან ტერიტორიაზე გადის (რის გამოც ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში გაჭირდება გადაადგილება) და მისი მშენებლობა ჯერ არც დასრულებულა.
[3] სუნიტური პაკისტანიც შიიტური ირანის ტრადიციულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევა დიდი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და ეს დაპირისპირება განსაკუთრებით თვალნათლივ ავღანეთში განვითარებული მოვლენებისას გამოჩნდა 2021 წლის აგვისტოში.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.