X

რონდელის ბლოგი

რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?

2021 / 12 / 21

კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

 

2021 წლის 15 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა ბრიუსელში ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მთავრობებსა და მეთაურებს უმასპინძლა, თუმცა ექვსი ქვეყნის ნაცვლად, მხოლოდ ხუთი იყო წარმოდგენილი. ეს ქვეყნები იყო: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ამჯერად სამიტს არ დასწრებია ბელარუსის წარმომადგენელი, კარგად ნაცნობი მიზეზების გამო. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გეგმებში ბელარუსის სამიტზე მიწვევა არც კი შედიოდა, თუმცა ბელარუსის ხელისუფლებამ რამდენიმე თვით ადრე, წინსწრებით განაცხადა, რომ შეაჩერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში თავისი მონაწილეობა. საგულისხმოა, რომ ევროკავშირს ბელარუსისთვის კარი არ დაუხურავს, მაგრამ მიუთითა, რომ მზად არის აღადგინოს თანამშრომლობა ბელარუსის ხელისუფლებასთან, ოღონდ ქვეყანაში დემოკრატიული „ტრანზიციის“ (პრაქტიკულად - სახელისუფლებო ცვლილების) შემდეგ, რაც შესაძლებლობას მისცემს, რომ მასთან ერთიან ფასეულობებზე დამყარებული დიალოგი ჰქონდეს.

 

რას გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი

სამიტის შედეგები არცერთი მიმართულებით არ ყოფილა მოულოდნელი. 2017 წელს გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ ევროკავშირმა მიიღო მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრავდნენ ამ ინიციატივის განვითარების მიმართულებებს. 2020 წელს ევროკომისიამ გამოაქვეყნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი მიზნებისა და ამოცანების შემცველი დოკუმენტი. მასში სწორედ ის ძირითადი ამოცანები იყო დასახული, რომლებიც 15 დეკემბრის სამიტზე შეათანხმეს. კოვიდ-19-ის პანდემიამ, რა თქმა უნდა, სერიოზული გავლენა მოახდინა რეგიონში ევროკავშირის ახალი მიდგომების ჩამოყალიბებაზე. ამიტომ მთავარ პრიორიტეტად  პარტნიორი ქვეყნების მედეგობის გაძლიერება გამოიკვეთა, რაშიც მოიაზრება ქვეყნების უნარი, წინააღმდეგობა გაუწიონ ეკონომიკურ, გარემოსდაცვით, ენერგეტიკულ, უსაფრთხოებისა თუ ჯანდაცვის სფეროში გამოვლენილ ეგზოგენურ თუ ენდოგენურ შოკებსა და გამოწვევებს. ამ მიმართულებით თანამშრომლობა მოიაზრებს როგორც მმართველობის გაუმჯობესებას, ისე ფართო ინვესტიციების მობილიზებას. მედეგობის მისაღწევად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა უნდა გააუმჯობესონ კანონის უზენაესობის დონე და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები, უზრუნველყონ საზოგადოებრივი თანხმობა, ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ კონფლიქტების მოსაგვარებლად. ამავე დროს პარტნიორების მედეგობის გასაძლიერებლად იგეგმება მჭიდრო თანამშრომლობა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით, კერძოდ, სტრატეგიული კომუნიკაციის, კიბერუსაფრთხოების, რადიაციული უსაფრთხოების და სხვა შესაბამის სფეროებში.

ახალი მიდგომის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების განვითარების გრძელვადიან ნიშნულებს სრული თანხვედრა აქვთ თავად ევროკავშირის განვითარების მიმართულებებთან, როგორიცაა:

  • ციფრული ეკონომიკის ხელშეწყობა, ციფრული ბაზრისა და კიბერუსაფრთხოების ზომების ჩათვლით;
  • მწვანე ტრანზიცია, მწვანე ეკონომიკის, ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ენერგოეფეტურობის განვითარების ჩათვლით;
  • ახალგაზრდობისათვის თანამედროვე ტენდენციების შესაბამისი განათლება,  სადაც გათვალისწინებული იქნება ასევე ციფრული განვითარების მოთხოვნები;
  • სექტორული განვითარება და თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის, ინოვაციების, სატრანსპორტო კავშირების განვითარების, ასევე, ტელეკომუნიკაციების და ფულადი გადარიცხვების გამარტივების მიმართულებით. ამ კონტექსტში საუბარია ისეთ კონკრეტულ პროექტებზე, როგორიცაა:
    • TEN-T ევროპულ სატრანსპორტო ქსელებთან რეგიონის ქვეყნების დაკავშირება
    • როუმინგის სატელეფონო მომსახურების გაიაფების შეთანხმებები
    • SEPA-ში (გადახდების ერთიანი ევროპული ზონა) მონაწილეობა   

აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის მოულოდნელი არ ყოფილა დეკლარაციაში ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმის ხილვა, რომელიც კონკრეტული საფლაგმანო ინიციატივების მხარდაჭერით მრავალმილიარდიან ინვესტიციებს მიმართავს რეგიონის ქვეყნების განსავითარებლად. ეს გეგმა საქართველოსთვის განიხილავს 80000 მცირე და საშუალო საწარმოს ფინანსურ მხარდაჭერას, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროსადენის გაყვანას, ქვეყანაში მიუწვდომელი დასახლებული პუნქტების სწრაფი ინტერნეტით თითქმის სრულად უზრუნველყოფას, თბილისში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.

საუბარია ასევე კოვიდპანდემიის მიმდინარეობის მართვისა და საშუალო და გრძელვადიანი შედეგების აღმოფხვრისთვის სოლიდარობის გაზრდაზე, რაც, პირველ რიგში, ჯანდაცვის სფეროში ურთიერთდახმარებასა და ძალისხმევის გაერთიანებას მოითხოვს.

 

შემდგომი ინტეგრაციის პერსპექტივები და ასოცირებული ტრიოს აღიარება

საქართველოში, როგორც ყოველთვის, მოლოდინით უყურებენ ისეთ მოვლენებს, როგორიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტია.  ჩნდება იმედი, რომ სამიტზე რაღაც მნიშვნელოვანი შეიცვლება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით.  მით უმეტეს, რომ ახლადშექმნილი „ასოცირებული ტრიოს“ წარმომადგენლებს - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო უწყებებს ჰქონდათ შემუშავებული ერთიანი პოზიცია და აქტიურად ლობირებდნენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან ამ ქვეყნებისთვის „ევროპული პერსპექტივის“ ოფიციალურად აღიარების მოთხოვნას. ამ საკითხის სამიტის დეკლარაციაში შესატანად სამიტის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ბრიუსელში ერთად იმყოფებოდნენ ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრები და პრემიერ-მინისტრები. სამწუხაროდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა  ერთობლივ დეკლარაციაში ასეთი ჩანაწერის არსებობას და მხოლოდ შემოიფარგლა „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების კვლავ აღიარებით, რაც უკვე დიდი ხანია ჩაწერილია ამ ქვეყნებთან გაფორმებულ ასოცირების შესახებ შეთანხმებებში. ის ფაქტი, რომ ასოცირებული ტრიო დეკლარაციაში ნახსენებია და მის წევრებს შორის „მზარდი კოორდინაციის“ ძალისხმევა დადებითადაა შეფასებული, ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში დიფერენციაციის პრინციპის პრაქტიკაში დამკვიდრებას. თუმცა, ასოცირებული ტრიოს დამფუძნებელ დოკუმენტებში მისი მიზანი უფრო ფართოდაა წარმოდგენილი, ვიდრე „ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის ხელშეწყობა“, როგორც ეს დეკლარაციაშია ნახსენები. იქ აღნიშნულია ამ ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ, ევროკავშირში მათი შემდგომი ინტეგრაციის ხელშესაწყობად, რაზეც სამიტის დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი. დეკლარაცია, პირიქით, მკაფიოდ ადგენს ევროკავშირის მხრიდან ამ სამი ქვეყნის ამბიციების რეალიზაციის მხარდაჭერის საზღვრებს. კერძოდ, ეს არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება, ევროკავშირში ახლად დანერგილ ინიციატივებთან შეერთება, როგორიცაა ციფრული ეკონომიკა და მწვანე შეთანხმება. ტრიოს მიზნების მხარდაჭერის ასეთი შეზღუდული მიდგომის კიდევ უფრო გასამყარებლად და დასაზუსტებლად დეკლარაცია ხაზს უსვამს ევროკავშირთან ყველა  (ჩამოთვლილი) სახით თანამშრომლობის ინკლუზიურობას. ეს ნიშნავს, რომ ტრიოს ქვეყნებს არ სთავაზობენ რაიმე განსხვავებულს იმისგან, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს შესთავაზეს.  შეიძლება დავასკვნათ, რომ სამიტის დეკლარაციამ ამ ეტაპზე წერტილი დაუსვა ტრიოს ქვეყნებისთვის რაიმე ექსკლუზიური შესაძლებლობის შეთავაზების იდეას. თუმცა, რეალურად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ასეთი „ეგალიტარული“ ფორმატი მაინც შეიცავს გადაულახავ ბარიერებს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ნაკლებად აქვთ ინტეგრაციული ამბიცია და მთავარ დაბრკოლებად კი ევროპული ფასეულობების პატივისცემისა და დანერგვის სურვილის ნაკლებობა უდგათ. თავის მხრივ, ქვეყნები, რომელთა ამბიციაც სცდება ევროკავშირთან უბრალოდ პრივილეგირებული თანამშრომლობის შესაძლებლობას, ფორმატის მოდალობების ეფექტური გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიიღებენ ევროპულ პერსპექტივას და ეს შესაძლებელია მომდევნო სამიტზეც კი მოხდეს.
 

გარდამავალი პერსპექტივა    

მართალია, ვერ მოხერხდა ამ სამი ქვეყნის ექსკლუზიურ კონტექსტში მოხსენიება, მაგრამ შეიძლება გაწეული ძალისხმევის შედეგად მივიჩნიოთ, რომ ერთობლივ დეკლარაციაში, სადაც პარტნიორების შესახებაა საუბარი, „ასოცირებული“ ქვეყნები გამიჯნულია სხვა პარტნიორებისგან, ეს სამი ქვეყანა კი ცალკეა გამოყოფილი და ხაზგასმულია, რომ მათ, მიღწეული პროგრესისა და კანონმდებლობის შემდგომი დაახლოების შედეგად, ეძლევათ რეალური შესაძლებლობა ევროკავშირთან ფართო სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის და ევროკავშირის ერთიან ბაზარში თანდათანობითი ინტეგრირებისთვის. ეს ბოლო ჩანაწერი თითქოს უკვე ცნობილი ფორმულაა, მაგრამ  ახალ კონტექსტში და ინტეგრაციული ამბიციების ახალ დონეზე შესაძლოა ამ სამი ქვეყნისთვის ევროკავშირთან ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის პერსპექტივაზე მიგვანიშნებდეს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.