X

რონდელის ბლოგი

მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?

2019 / 01 / 24

ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

 

უკრაინულ-ქართულ მეგობრული ურთიერთობები არაერთ საუკუნეს ითვლის და არც ერთი პრობლემით არ არის დამძიმებული, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში უნიკალური ფენომენია. სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში უკრაინა და საქართველო ხან დამოუკიდებელი სახელმწიფოები იყვნენ, ხან ნაწილობრივ ან სრულად ექცეოდნენ სხვადასხვა იმპერიის შემადგენლობაში, ხანაც კვლავ აღწევდნენ დამოუკიდებლობას, მაგრამ ყოველთვის  ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ გულწრფელი სიმპათია.

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები დინამიკურად განვითარდა. ეს პროცესი არის ნათელი დადასტურება იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს ორმა სახელმწიფომ საერთაშორისო ურთიერთობებში შექმნილი შესაძლებლობები თვისებრივად ახალი ხარისხის ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. 

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ტერმინი „სტრატეგიული პარტნიორობა“ ხშირად ჟღერდა საქართველო-უკრაინას მოლაპარაკებებში. პირველი შეხვედრიდან ასე ახასიათებდნენ ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი. ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა 1993 წლის 13 აპრილს კიევში ედუარდ შევარდნაძის ოფიციალური ვიზიტის დროს ხელმოწერილი უკრაინა-საქართველოს ჩარჩოხელშეკრულება მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე (იხ.: http://base.spinform.ru/show_doc.fwx?rgn=9687). უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია, რაც აღნიშნული ხელშეკრულება მოქმედებს ორივე სახელმწიფოს საკეთილდღეოდ.

განვლილი ისტორიული პერიოდის მანძილზე უკრაინამ არაერთგზის დაამტკიცა, რომ იგი არის საქართველოს ერთგული მეგობარი, ხოლო 1993 წლის 13 აპრილის ხელშეკრულების სახელწოდებაში გამოტანილი სიტყვა „ურთიერთდახმარება“ წარმოადგენს რეალური ქმედებების საფუძველს.

მოვიყვანთ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს.

1993 წლის 27 ივლისს ხელი მოეწერა შეთანხმებას აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ (იხ.: http://www.cyxymu.info/2017/07/27-July-1993-soglashenie-o-prekrashenii-ognia-v-Abkhazii.html). ქართულ და აფხაზურ მხარეებთან ერთად მას, როგორც გარანტი სახელმწიფოს წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი კოზირევმა. აქედან ორ თვეში, რუსეთის მუხანათური ქცევის შედეგად, ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი. 1993 წლის სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების დროს აფხაზეთის ქართული მოსახლეობის ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი და არაადამიანურ პირობებში ეცადა თავი დაეღწია გენოციდისათვის. მაშინ რამდენიმე ათასი ქართველის სიცოცხლე უკრაინულმა ვერტმფრენებმა და პილოტებმა გადაარჩინეს.

გასული საუკუნის 90-იან წლებში უკრაინამ  საქართველოს ფასდაუდებელი სამხედრო დახმარება გაუწია. ბევრი ქართველი ოფიცერი (მათ შორის საქართველოს მომავალი გენერალური შტაბის უფროსი, ბატონი ვახტანგ კაპანაძე) სწავლობდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და  სასაზღვრო ჯარების აკადემიებში. 1997 წელს უკრაინამ საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა  პირველი სამხედრო ხომალდი - „გრიფი“, სრული შეიარაღებით. ხომალდის ეკიპაჟი უსასყიდლოდ მომზადდა იზმაილის სასწავლო ბაზაზე. მხოლოდ ამ ნაბიჯის შემდეგ საქართველომ მიიღო ანალოგიური დახმარება სხვა მეგობარი ქვეყნებიდან - გერმანიიდან, თურქეთიდან, აშშ-დან. მაგრამ უკრაინა იყო პირველი. გასაგებია, რომ ეს,  რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, არ იყო მარტივი ნაბიჯი უკრაინის მხრიდან.

უკრაინამ 1993 წელს, შეღავათიანი კრედიტის საფუძველზე,  1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხორბალი მოგვაწოდა.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოვიდა საქართველოში, რათა მხარში დასდგომოდა ქართველ ხალხს. უფრო მეტიც, პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან ერთად  სამივე ბალტიისპირა ქვეყნის პრეზიდენტების ჩამოსვლის ორგანიზებაც შეძლო - ლიტვის (ვ. ადამკუსი), ლატვიის (ვ. ზატლერსი) და ესტონეთის (ტ. ილვესი).

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია საქართველო-უკრაინის ახალი ისტორიიდან.

2017 წლის 18 ივლისს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გადავიდა შემდეგ საფეხურზე. პრეზიდენტ პ. პოროშენკოს საქართველოში ოფიციალური სამდღიანი ვიზიტის დროს ხელი მოეწერა დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ (იხ.: https://www.ukrinform.ru/rubric-polytics/2268511-ukraina-i-gruzia-podpisali-deklaraciu-o-strategiceskom-partnerstve.html).

თუ როგორ ასრულებდა და ასრულებს საქართველო 1993 წლის 13 აპრილის ხელშეკრულებით და 2017 წლის 18 ივლისის დეკლარაციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს - ამაზე უპრიანია ისაუბრონ უკრაინელმა ექსპერტებმა, მაგრამ დღეს უდავოდ დადგა დრო, როდესაც უკრაინას საქართველოს დახმარება ნამდვილად ესაჭიროება.

რა თქმა უნდა, ეს ეხება უკრაინის გაერთიანებული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს.

რუსული მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს რუსული იმპერიალიზმის პოლიტიკურ იარაღს. ეს იმდენად ნათელი ჭეშმარიტებაა, რომ მისი უარყოფა სახიფათოა პროფესიონალური რეპუტაციისთვის. გავიხსენოთ მისი დამოკიდებულება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ 1800-იან წლებში - ავტოკეფალიის გაუქმება, ქართულ ენაზე საეკლესიო მსახურების აკრძალვა, არყის მოყვარული ეგზარქოსების დანიშვნა, ერთ-ერთი ეგზარქოსის მიერ ქართველი ერის დაწყევლა, უნიკალური ფრესკების კირით შეთეთრება განადგურება და ა.შ. ამის და სხვა მრავალი მიზეზის გამო რუსული მართლმადიდებელი ეკლესია პირადად ჩემთვის არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენს.

რაც შეეხება რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელს, ბატონ კირილ გუნდიაევს, მისი ავტორიტეტი მართლმადიდებელ სამყაროში ახლოც ვერ მივა მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველის ავტორიტეტთან; კარგად არის ცნობილ კირილეს კომერციული ინტერესები (ალკოჰოლი, თამბაქო), 50 000 ევროს ღირებულების საათებისა და სხვა ძვირადღირებული საჩუქრების სიყვარული და ა.შ..

დიპლომატიაში პასუხისმგებლობაა  არა მხოლოდ ქმედება, არამედ უმოქმედობაც და   შედეგები ორივეს მოსდევს. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ზედმეტად დიპლომატიური განცხადებები ტომოსთან დაკავშირებით არ არის საკმარისი. ამის შედეგად სერიოზულად შეიზღუდა უკრაინასთან ჩვენი მოქმედებების შესაძლებლობები. ეს კი პირდაპირ აისახება უკრაინასთან ჩვენი თანამშრომლობის ხარისხზე, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება 2019 წელს დიპლომატიურ ასპარეზზე ჩვენი ინტერესების განხორციელების თვალსაზრისით. კერძოდ, G7 ფორმატში საფრანგეთში დაგეგმილი შეხვედრების დროს. ამაზე გასული წლის ბოლოს ჩვენ ვწერდით (იხ.: https://www.gfsis.org/ge/blog/view/896).

ვითარება დაუყოვნებლივ არის გამოსასწორებელი და ამის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს:

ა) საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცოს თავის უკრაინელ კოლეგას;

ბ) მთავრობამ მიულოცოს უკრაინის მთავრობას;

გ) პარლამენტის საგანგებო სესიაზე (საქმე ამად ღირს) მიიღონ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია;

დ) პრეზიდენტმა მიულოცოს თავის უკრაინელ კოლეგას.

ვიდრე ეს მოხდებოდეს, მინდა საკუთარი სახელით მივულოცო ჩემს უკრაინელ მეგობრებს და მთელ უკრაინელ ხალხს ეს დიდი, უდავოდ ისტორიული წარმატება. Слава Україні!

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.